ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოქსიკური ქიმიკატები კოსმეტიკურ ნაწარმში - ამერიკელი მეცნიერების კვლევა


15 ივნისს შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 230-ზე მეტი კოსმეტიკური ნაწარმიდან, შემოწმების შედეგად, ნახევარზე მეტში (52%) ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსიკური ქიმიკატები იპოვეს. მეცნიერებმა ნიმუშებად ცნობილი კომპანიები შეარჩიეს, რომელთა შორის ბევრი მაღალი კლასის პროდუქციის მწარმოებლად ითვლება და მათი ნაწარმი მთელ მსოფლიოში იყიდება.

საუბარია ძალიან ფართო ჯგუფის, 9 ათასამდე ნივთიერებაზე, რომელიც აღინიშნება აბრევიატურით PFAS. ისინი სრულად ან ნაწილობრივ ფტორირებული ნახშირბადის (fully (Per) or partly (Poly) Fluorinated carbon substances) საშუალებით მიიღება. ნივთიერებათა ეს ჯგუფი ინდუსტრიულ და სამომხმარებლო ნაწარმში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოჩნდა. მათი გამოყენება უმეტესად მასალების წყალგამძლეობის და ცხიმგამძლეობის მოთხოვნებს უკავშირდებოდა.

ფოტო: ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო (EEA)
ფოტო: ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო (EEA)

ევროკავშირი PFAS ჯგუფის ქიმიკატებს „ძალზე ტოქსიკურად“ თვლის. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მათი გამოყენება ჯანმრთელობის მთელ რიგ რისკებს უკავშირდება, მათ შორის: სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარებას, რეპროდუქციის პრობლემებს, იმუნიტეტის დაქვეითებას, სისხლში ქოლესტერინის აწევას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს და ა.შ. ქიმიკატები განსაკუთრებით მავნეა ორსული ქალის ნაყოფისთვის და მცირეწლოვანი ბავშვების განვითარებისთვის. ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და უსაფრთხოების რისკების გამო, ეუთოს (ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციას) ამ ჯგუფის ქიმიკატები სპეციალურ კონტროლზე ჰყავს აყვანილი და მათ მონიტორინგს აწარმოებს.

ამ ჯგუფიდან ზოგიერთ ნივთიერებასთან კანით შეხებაც ორგანიზმისთვის შეიძლება ისევე რისკიანი იყოს, როგორც მათი წყლით ან საკვებით მიღება. ამ დასკვნამდე მივიდნენ შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. ინსტიტუტის მეცნიერების კვლევა გასულ წელს გამოქვეყნდა.

ახალი კვლევის მიხედვით კი, შეერთებულ შტატებში და კანადაში აღებულ ნიმუშებში, PFAS ჯგუფის ქიმიკატები უმეტესად ისეთ კოსმეტიკურ პროდუქტებში იპოვეს, რომლებიც რეკლამად წყალგაუმტარობას, სახიდან მათ ძნელად მოცილებას და დიდი ხნის მანძილზე გამძლეობას იყენებდნენ. ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაში, მათ შორის: თხევად და მყარ ტუჩსაცხში, წამწამების ტუშში, თვალის საღებავებში, ე.წ. რუჟში, ფრჩხილის ლაქში, თუ კანის ე.წ. ბაზაში, რომელიც მაკიაჟის გაკეთებისას, სახის კანზე პირველად შრედ ისმება.

ნიმუშებს შორის, ტოქსინები იპოვეს ტუშის 82 პროცენტში, ბაზის - 63 და ტუჩსაცხების 55 პროცენტში. მათი შემცველობა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ტუშებში და ბაზებში. შემოწმებული პროდუქტების მწარმოებლებს შორის აღმოჩნდნენ მსოფლიო ბაზარზე ისეთი კარგად ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Estée Lauder, L’Oréal, Ulta, Mac, Cover Girl, Clinique, Maybelline, Smashbox, Nars.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო (EEA)
ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო (EEA)

მეცნიერებს ამ ტოქსინების მეორადი დამაზიანებელი ეფექტიც აშფოთებთ. საქმე იმაშია, რომ PFAS ჯგუფის ქიმიკატები ნაგავში და შესაბამისად, ნიადაგში, წყალში და ჰაერშიც ხვდება, რის შედეგადაც აბინძურებს და აზიანებს მთელ გარემოს.

ამ ჯგუფის ნივთიერებებს უკავშირდება წარსულში მომხდარი კიდევ ერთი სკანდალი ამერიკაში, რომელიც კომპანია „დიუპონის“ მიერ მათი „ტეფლონის“ ნაწარმში გამოყენების გახმაურების გამო მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „დიუპონმა“ წლების მანძილზე იცოდა, რომ ეს ქიმიკატები ჯანმრთელობისთვის მავნე იყო, მაგრამ მათ სამომხმარებლო ნივთებში მაინც იყენებდა. ფართო საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც საწარმოს მახლობლდად დასავლეთ ვირჯინიის შტატში წყლის დაბინძურება მოხდა.

ახალი კვლევის ავტორები არიან ნოტრ დამის უნივერსიტეტის ინდიანის ფილიალის მეცნიერები. ნაშრომის სრულად გაცნობა შესაძლებელია ონლაინ სამეცნიერო გამოცემაში „წერილები გარემოს დაცვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (Environmental Science & Technology Letters). ჟურნალს ამერიკის ქიმიის საზოგადოება 2014 წლის იანვრიდან გამოსცემს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG