16 ივნისს ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრ სახლში ამბობენ, რომ ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის განსხვავებების გაგებას და მის მართვას.
„ეს ყველაზე ეფექტური გზაა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული განსხვავებების გასაგებად და სამართავად. ეს არ არის ჯილდო პუტინისთვის,“- ამბობს თეთრი სახლის მრჩეველი ჯეკ სალივანი.
განცხადება ჟურნალისტებთან სალივანმა თეთრ სახლში გააკეთა და აქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვის ქმედებებს პასუხს გასცემს, თუ მოსკოვი მავნე ქმედებებს განაგრძობს. სალივანი ამბობს, რომ ჯო ბაიდენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოკავშირეების საჭიროებას და მათ წვლილს ნატოს ალიანსის წვრთნებსა და ოპერაციებში ჩართულობის კუთხით.
ამ დრომდე უცნობია თემების ჩამონათვალი რაზეც ორი ქვეყნის პრეზიდენტები იმსჯელებენ. თუმცა სავარაუდოდ სასაუბრო თემებს შორის იქნება, რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმები, ჩარევა ამერიკის არჩევნებში, რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, ბირთვული საკითხები და კლიმატის ცვლილებების თემა.
შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის ჟენევაში, 16 ივნისს, გაიმართება. როგორც რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, ამერიკა აპირებს აღადგინოს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა ქვეყნებს შორის.
ბაიდენ პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში შედგა. სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
Facebook Forum