რესპუბლიკელი სენატორები 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბლოკავენ. სენატმა კენჭი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პროექტს დღეს უყარა. 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, რათა ხელი შეეშალათ არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესისთვის. დემოკრატი კანონმდებლები ყოფილ პრეზიდენტს ძალადობის წახალისებაში სდებენ ბრალს, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, პოლიციის ოფიცერიც.
რესპუბლიკელთა უმრავლესობა ამ პროექტის წინააღმდეგ ერთიანი იყო. ანალიტიკოსების აზრით, ისინი შიშობენ, რომ კომისიის საქმიანობა დიდხანს გაგრძელდება და ხელს შეუშლის პარტიას მომავალი წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების დამარცხებაში.
თუმცა 6-მა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა. ესენი იყვნენ სენატორები ბილ კასიდი, სიუზან კოლინსი, ლისა მურკოვსკი, რობ პორტმანი, მიტ რომნი და ბენ სასი. პორტმანის გარდა, ყველა ამ სენატორმა თებერვალში გამართული კენჭისყრისას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტსაც დაუჭირა მხარი.
რესპუბლიკელები თავიდანვე აპირებდნენ ე.წ. ფილიბასტერის წესი გამოეყენებინათ და ორპარტიული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გაეჭიანურებინათ. ფილიბასტერი სენატში უვადოდ გაჭიანურებული დებატების უფლებას იძლევა და მისი მიზანი სესიაზე, როგორც წესი, საკითხის ჩაგდებაა.
მართალია, სენატში მანდატები თანაბრადაა გაყოფილი და თანაბარი კენჭისყრის შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს, მაგრამ სენატში ამ კანონპროექტის დამტკიცებას 60 ხმა სჭირდებოდა.
Facebook Forum