ბევრ მიზეზს შორის, რის გამოც ამერიკის სენატს "მსოფლიოს ყველაზე მოთათბირე ორგანოს" უწოდებენ, ფილიბასტერის წესს ასახელებენ. სენატორებისთვის მინიჭებულ ამ უფლებას აბრალებენ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, კონგრესის ზედა პალატის ხშირ უუნარობას.
"კანონი მარტივი უმრავლესობით ვერ მტკიცდება", განმარტავს ნორმ ორნსტინი, ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი. თუკი სენატორთა მცირე ჯგუფი შეთანხმდება, მათ იოლად შეუძლიათ პროცესის შეფერხება და მისი კენჭისყრამდე არმიყვანა.
თუ რომელიმე პარტია დიდ უმრავლესობას არ ფლობს, ფილიბასტერი სენატში უვადოდ გაჭიანურებული დებატების უფლებას იძლევა და მისი მიზანი სესიაზე, როგორც წესი, საკითხის ჩაგდებაა. სარა ბაინდერის, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის თქმით, "დღევანდელ სენატში ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობას დებატების შეწყვეტა და საკითხის კენჭისყრაზე დაყენება თუ სურს, 60 სენატორი უნდა ჰავდეს [100-დან], რათა განხილვა შეწყდეს".
თავის დროზე ეს წესი იმისთვის შეიქმნა, რომ უმცირესობაში მყოფ პარტიას კანონშემოქმედებაში გავლენის ბერკეტი ჰქონოდა. ამ შანსით ბოლო წლებში ბევრჯერ ისარგებლა უმცირესობაში მყოფმა პარტიამ, დემოკრატები იქნებოდნენ ეს თუ რესპუბლიკელები.
დღევანდელ განლაგებაში, როცა ორივე პარტიას თანაბარი რაოდენობის 50-50 სენატორი ჰყავს და გადამწყვეტი ხმის უფლების შანსი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს, ფილიბასტერის ხშირი გამოყენების საშუალება არსებობს. ნორმან ორნსიტინის თქმით, ფილიბასტერი ახლა "მასობრივი ობსტრუქციის იარაღად" გადაიქცევა, რომელსაც შეუძლია ბევრი განხილვა ჩააგდოს და კონგრესი ჩიხში შეიყვანოს, იმის მიუხედავად, რომ დემოკრატები სენატს მინიმალური უპირატესობით, მაგრამ მაინც აკონტროლებენ.
ფილიბასტერი 1800-იანი წლებიდან არსებობს და მას სენატორები ხშირად მიმართავდნენ მონობის დასაცავად. მოგვიანებით, 1950-60 წლებში, ფილიბასტერით სამოქალაქო უფლებების დამცავი კანონმდებლობა ფერხდებოდა. ბოლო პერიოდში ფილიბასტერს რომელიმე არასასურველი კანდიდატის თანამდებობაზე დამტკიცების წინააღმდეგაც კი იყენებდნენ.
2013 წელს დემოკრატებმა ფილიბასტერის წესის მოთხოვნა შეამსუბუქეს, რომ აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლების და ფედერალური მოსამართლეების დამტკიცება გაეიოლებინათ. პასუხად, 2017 წელს რესპუბლიკელებმა იგივე ნაბიჯი გადადგეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების მიმართულებით.
სენატის დღევანდელ განლაგებაში, ანალიტიკოსები ფილიბასტერის წესის გამოცდად ორი საკითხის დამტკიცებას თვლიან. ესენია საიმიგრაციო რეფორმა და ხმის მიცემის უფლების გაფართოება.
Facebook Forum