ევროკავშირმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, 100 მილიონ დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინას გაუგზავნის. ბრიუსელში გამართულ ორდღიან სამიტზე ისაუბრეს იმაზეც, რომ ყველაზე ღარიბ ქვეყნებს ევროკავშირი ვაქცინების წარმოების საშუალებას მისცემს.
თავდაპირველად, ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ვაქცინების შესყიდვა და გავრცელება დააგვიანა. თუმცა, ახლა ბლოკში აცხადებენ, რომ 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინა მზად აქვთ იმისთვის, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში ბლოკის 27-ივე წევრი უსაფრთხოდ იყოს. ევროკავშირში ამბობენ, რომ დოზების ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ბლოკის გარეთ დარჩენილ ქვეყნებსაც უწილადონ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დელ ლეიენმა თქვა: "ჩვენ ვმუშაობთ იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ევროპის გუნდი მილიარდ ევროს გამოყოფს აფრიკაში ვაქცინების წარმოებისთვის, ეს სპეციალური ინიციატივაა, რომელიც ჩვენი აფრიკელი პარტნიორებისგან მოდის".
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში, ივლისის ბოლოსთვის, ზრდასრული მოსახლეობის, დაახლოებით, 70%-ის აცრა იგეგმება. ახლა ევროპის სამედიცინო სააგენტოები განიხილავენ იმას, დაიწყონ თუ არა 12-15 წლის ასაკის მოსახლეობის ფაიზერის ვაქცინით აცრა.
გარდა ამისა, ევროკავშირი სპეციალური კოვიდ პასპორტების შემუშავებაზეც მუშაობს. ის ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, ვინც სრულადაა ვაქცინირებული, აქვს იმუნიტეტი ვირუსისგან დასაცავად, ან მიიღო უარყოფითი კოვიდ ტესტი.
Facebook Forum