"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ - გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას" - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირში არის საკმარისი ადგილი მეგობრებისთვის და აუცილებელია, საქართველომ რეფორმები განაგრძოს.
„გაერთიანებულ ევროპაში და ნატო-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატო-ს და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ."
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონელებმა იციან, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატო-მდე მიმავალი გზა არის რთული. "მერწმუნეთ, დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა რეფორმებს მოითხოვდა, ნამდვილად ღირდა მცდელობად,"-განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ თბილისში.
Facebook Forum