მეცნიერები შიშობენ, რომ კორონავირუსის პოტენციურად საგანგაშო ვარიანტები ინდოეთში ყურადღების მიღმა რჩება. სავარაუდოდ, იქ გავრცელებული ვარიანტები უფრო მეტად აინფიცირებს მოსახლეობას, მაგრამ მათი აღმოჩენა და შესწავლა გვიანდება.
ორშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ერთ-ერთ ასეთ ვერსიას B.1.617 "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა. დასკვნა პირველად კვლევას ეფუძნება, მსგავსად კორონავირუსის იმ ვერსიებისა, რომლებიც პირველად ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში აღმოაჩინეს, თუმცა მოგვიანებით ისინი სხვა ქვეყნებშიც იპოვეს.
"გაცილებით მეტი ინფორმაცია გვესაჭიროება ვირუსის ამ ვარიანტზე", თქვა მარია ვან კერხოვმა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კოვიდ-19-ის პანდემიის ტექნიკურ ნაწილს უძღვება. "მეტი სიკვენსირება გვჭირდება, დამიზნებული სიკვენსირება უნდა მოხდეს და ამ ინფორმაციის შედარება ინდოეთში და სხვა ქვეყნებში ნაპოვნ ვირუსებთან, რომ ვიცოდეთ, თუ რამდენად ხდება მისი ცირკულაცია" - აღნიშნავს კერხოვი. ვირუსის სიკვენსი, მისი დნმ-ის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობაა.
ვირუსი მუტაციას გამუდმებით განიცდის. იქ სადაც ინფექცია მეტად ვრცელდება, ვირუსის ახალი მუტაციებით ახალი ვარიანტების გაჩენის მეტი საშიშროებაა ჩნდება.
სწორედ ამიტომ, მეცნიერებს ძალზე აშფოთებთ ინდოეთში პანდემიის მიმდინარე აფეთქება. მითუმეტეს, რომ ქვეყანაში დააგვიანეს ვირუსის გენეტიკური მონიტორინგი და ამ ეტაპზე ისევ უცნობია, თუ რა ცვლილებები განიცადა კორონავირუსმა- გავრცელების უფრო მაღალი სიხშირით გამოირჩევა თუ არა ახალი ვარიანტები და არის თუ არა ისინი უფრო მომაკვდინებელი.
მონიტორინგი აუცილებელია, რადგან ვარიანტებზე დაკვირვება აჩვენებს, ახერხებს თუ არა ვირუსი იმუნური სისტემისგან დასხლეტას. არ არის გამორიცხული, ამ შემთხვევაში კოვიდ-19-ით რეინფექციები მოხდეს, ან ვაქცინები დაავადების და სიკვდილობის პრევენციაში ნაკლებად ეფექტური გახდეს.
ინდოელი მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი ვირუსების შესწავლისას მთავრობისგან ბიუროკრატიულ ბარიერებს გადააწყდნენ. ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მონაცემებს არ ასაჯაროებს. ინდოეთში ინფიცირების შემთხვევებიდან მხოლოდ 1%-ში ხდება გენომის სიკვენსირება. ამას გარდა, მონაცემთა გლობალურ ბაზაზე ყველა შედეგი არ იტვირთება.
როცა სიკვენსირება არასაკმარისია, ჩნდება ერთგვარი "ბნელი ორმოები", რომელთა შესახებ არაფერი ვიცით. შემაშფოთებელი ვარიანტები იპარება და ვიდრე ფართოდ არ გავრცელდება, მათ შესახებ ვერაფერს ვიგებთ - ამბობს ალინა ჩანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი. ის გლობალურად კორონავირუსის სიკვენსირებას სწავლობს.
რაც შეეხება ვირუსის ვარიანტს, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს გაამახვილა ყურადღება, ამ "ვირუსს ყველა ის დამახასიათებელი თვისება აქვს, რაც შეშფოთებას უნდა იწვევდეს", ამბობს რავინდრა გუფთა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტში კლინიკური მიკრობიოლოგიის პროფესორია.
ვირუსის ეს ვარიანტი პირველად გასულ წელს, სანაპირო შტატ მაჰარაშტრაში აღმოაჩინეს. ახლა ის ყოველი 27 ნიმუშიდან 19-ში ფიქსირდება. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბრიტანეთში ნაპოვნი ვარიანტის რაოდენობამ ინდოეთში ბოლო 45 დღის მანძილზე შესამჩნევად იკლო.
ინდოეთის ჯანდაცვის სექტორში აცხადებენ, რომ ჯერ ძალიან ადრეა ინფექციის აფეთქების მხოლოდ მსგავს ვარიანტებთან დაკავშირება. დამოუკიდებელი ექსპერტები შექმნილ ვითარებას ხელისუფლების გადაწყვეტილებებს უკავშირებენ, მათ შორის იმას, რომ თავის დროზე არ შეიზღუდა მასობრივი შეკრებები რელიგიურ დღესასწაულებზე და წინასაარჩევნო გამოსვლები.
Facebook Forum