ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კვლევის მიხედვით, ორსულებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა


ბოლო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინაცია ორსულებისთვის უსაფრთხოა. თუმცა, მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ მეტი სიღრმისეული კვლევაა ჩასატარებელი.

მეცნიერებმა 35 000 ორსული ქალი გამოიკვლიეს. მათ ორსულობის პერიოდში "ფაიზერის", ან "მოდერნას" ვაქცინები ჰქონდათ მიღებული. მათი ფიზიკური მდგომარეობა, ასევე ბავშვის მუცლად სიკვდილობის, ნაადრევი დაბადების და ორსულობის გართულებების მონაცემები იმ მონაცემებს შეადარეს, რომელიც პანდემიამდე პერიოდში არსებობდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

კვლევაში არ იყვნენ ჩართული ის ქალები, ვინც "ჯონსონი და ჯონსონის" ერთდოზიანი ვაქცინა მიიღო. ამ ვაქცინის მოხმარება ახლა ამერიკაში დროებით შეჩერებულია და მისი წარმოებაში ჩაშვების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, როდესაც დადგინდება, არის თუ არა კავშირი იშვიათი თრომბების მოულოდნელ წარმოქმნასა და ამ ვაქცინას შორის.

კვლევის გამოქვეყნებამდე, დამოუკიდებლად, ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოებამ თქვა, რომ ისინი ორსულებისთვის ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევენ.

"ყველამ, მათ შორის ორსულმა ქალმა და მან, ვინც დაორსულებას აპირებს, უნდა მიიღოს კოვიდ-19-ის ვაქცინა. ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მსგავსად, არც მათ გამოუკვლევიათ "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინა.

გინეკოლოგების ამერიკულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ახალი კვლევა ძალიან დამაიდებელია, თუმცა, აუცილებელია გრძელვადიანი შედეგების გამოკვლევაც.

მართალია, ვაქცინების უსაფრთხოებისთვის ჩატარებულ პირველად კვლევებში ორსული ქალები არ იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ბოლო კვლევების მიხედვით, ამერიკაში საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე დამტკიცებული "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინები ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის უსაფრთხოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG