სამშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში სრული მხარდაჭერა შესთავაზა. ნატომ კი მოსკოვს მოუწოდა უკრაინის საზღვარზე ჯარების თავმოყრა შეაჩეროს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი დიპლომატის რანგში, პირველი ევროპული მივლინებიდან ბრიუსელში დაბრუნებულმა ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს”. მან თქვა, რომ იმსჯელებს კიევის ამბიციაზე, ერთ დღეს ნატოს შეუერთდეს.
ბლინკენი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მას შემდეგ, რაც შვიდი საგარეო საქმეთა მინისტრის ჯგუფმა დაგმო რუსული ჯარის უკრაინის საზღვართან მობილიზაცია. დასავლეთი ამბობს, რომ კრემლისგან ამ ნაბიჯის ახსნა-განმარტება არ აქვს.
ნატოს გენერალური მდივნის მსგავსად, რომელიც კულებას უფრო ადრე შეხვდა, ბლინკენმა თქვა, რომ მოსკოვი ჯარის ყველაზე დიდ შეჯგუფებას ახდენს 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყირიმის უკრაინისგან ანექსია მოახდინა.
ბლინკენმა რუსეთის “ძალიან პროვოკაციულ ქმედებაზე” გაფრთხილება გამოთქვა, სტოლტენბერგმა კი თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ.
კულებასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ “რუსეთმა უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალების თავმოყრა უნდა შეწყვიტოს”.
რუსეთი აცხადებს, რომ თავის სამხედრო ძალებს საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს, მათ შორის, თავდაცვის მიზნითაც. რუსეთი მუდმივად ბრალს სდებს ნატოს, რომ უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსი ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში თავისი ჯარების გაძლიერებით, ევროპის დესტაბილიზაციას ახდენს.
რუსულმა ახალი ამბების სააგენტოებმა მოახდინეს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ციტირება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი მიმართავს ზომებს რათა პასუხი გასცეს, როგორც თვითონ უწოდებს, ნატოს მუქარის შემცველ ქმედებას, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას და საჯარისო წვრთნებს. შოიგუმ ასევე თქვა, რომ ნატო რუსეთის საზღვართან 40 ათასიანი ჯარის და 15 ათასი საბრძოლო ერთეულის განლაგებას გეგმავს. დასავლური ალიანსი ასეთი გეგმების არსებობას უარყოფს.
სამშაბათს რუსეთმა შეერთებულ შტატებს “მოწინააღმდეგეც” უწოდა და თქვა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდები არ უნდა მიუახლოვდნენ ყირიმს, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიულ წერტილშია და ნატოელი მოკავშირეები ამ რაიონს სულ უფრო ხშირად პატრულირებენ.
Facebook Forum