ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან ბირთვული შეთანხმების მონაწილეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ


ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგატებმა პარასკევს თქვეს, რომ 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში ირანის და შეერთებული შტატების სრულად დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებში წინსვლაა. თუმცა, ირანის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონთან უთანხმოება აქვთ სანქციების საკითხზე, თუ რომელი სანქციები უნდა გააუქმოს შეერთებულმა შტატებმა.

ამერიკის წინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ირანთან დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ძლიერ ეწინააღმდეგებოდა და შეთანხმებას პირველი განუდგა კიდეც, სანქციები თეირანს ხელახლა დაუწესა და ბევრი დაამატა კიდეც. ირანმა ამ ნაბიჯს ბირთვული პროგრამების განვითარებაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევით უპასუხა.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მზად არის გააუქმოს “სანქციები, რომლებსაც ბირთვულ შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს”. აშშ-ს დეტალები არ განუმარტავს და როგორც ჩანს, გამორიცხავს სანქციებს, რომლებიც შეთანხმებით გათვალისწინებულ ბირთვულ საკითხებს ფორმალურად არ უკავშირდება.

რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეთანხმების დანარჩენი მონაწილეები პარასკევს ვენაში ისევ შეიკრიბნენ და მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეიქმნა ორი ჯგუფი ექსპერტთა დონეზე. ისინი შეადგენენ სიას, რომელიც შეერთებული შტატების მიერ გასაუქმებელ სანქციებს შეარჩევს და ირანისთვის კი კონკრეტული ბირთვული პროგრამების შეზღუდვის მიმართულებებს განსაზღვრავს. ჯგუფები გაერთიანებული კომისიების შეხვედრებს შორის პერიოდებში იმუშავებენ.

ზოგიერთი დიპლომატი იმედოვნებს, რომ შეთანხმება 18 ივნისამდე, ირანში საპრეზიდენტო არჩევნებამდე შედგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების წლის ბოლომდე გაჭიანურების რისკი არსებობს.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი, რომელსაც ყველა სახელმწიფო საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის, სანქციების თანდათანობით გაუქმებას ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG