დასავლეთში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა იზრდება, რუსეთის ჯარის ქვეყნის საზღვართან მობილიზაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მომატების ფონზე. რუსული სამხედრო შენაერთების მობილიზებამ გააღრმავა შეშფოთებები, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლი შესაძლოა კონფლიქტის გაფართოებას ცდილობდეს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა „უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო მოქმედებების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმდინარე დარღვევების გამო სერიოზული შეშფოთების გამოსახატად“.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა ერთადერთი საშუალებაა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასამთავრებლად, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ებრძვიან უკვე მეშვიდე წელია.
ზელენსკიმ ნატოს წევრ ქვეყნებს შავი ზღვის აუზში მათი სამხედრო ყოფნის გაძლიერება სთხოვა, მოსკოვისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გასაგზავნად.
სტოლტენბერგმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორობისადმი ერთგულებას“.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის განცხადების შემდეგ თქვა, რომ უკრაინაში „შიდა პრობლემები“ აქვთ და რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.
2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი უარყოფს იმას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს.
Facebook Forum