ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკება იწყება


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მთავარი ოფისი ვენაში, ავსტრია
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მთავარი ოფისი ვენაში, ავსტრია

შეერთებულ შტატებს და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკების დაწყების წინ, მხარეები დღეს დიდ გარღვევას არ ელოდებიან. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ორი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები ვენაში ერთმანეთს პირისპირ არ შეხვდებიან.

ავსტრიის დედაქალაქში, ამერიკის დელეგაციას ამერიკის საგანგებო დესპანმი ირანის საკითხებში, რობ მარლი ხელმძღვანელობს. მათ გამგზავრებამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება "წინ გადადგმული ჯანსაღი ნაბიჯია", თუმცა დასძინა, რომ "ადრეული ან სწრაფი გარღვევა" რთულია და ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

ნედ პრაისის თქმით, სამუშაო ჯგუფებს ვენაში ევროპელები აყალიბებენ. ევროკავშირში იმედი აქვთ, რომ ირანს და შეერთებულ შტატებს შორის გამართული თუნდაც არაპირდაპირი მოლაპარაკება, 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების განახლებაზე საუბრის დაწყებას გზას გაუკვალავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა კი პარასკევს "ტვიტერზე" დაწერა: "ირან-ამერიკას შორის შეხვედრა არ იქნება. ეს საჭირო არ არის". თუმცა, თეირანში, მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბეიმ დღეს განაცხადა, რომ ირანი "მზადაა დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს [ბირთვული ხელშეკრულების] ყველა პირობას, როგორც კი ამერიკული მხარე სანქციებს მოხსნის". ირანის მიზანი უცვლელია და ეს სანქციების მოხსნაა, რომელიც ამერიკამ მას ხელახლა დაუწესა - აღნიშნავს მთავრობის პრესსპიკერი.

2015 წლის შეთანხმების ხელმომწერთა შორის ამერიკის და ირანის გარდა, არიან: ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. სწორედ ამ ქვეყნებმა მოილაპარაკეს რამდენიმე დღის წინ, 2 აპრილს გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე, რომ აუცილებელია შეთანხმების მომავალზე საუბარი.

პირვანდელი შეთანხმების მიხედვით, ირანი მზად იყო ბირთვული პროგრამები შეეზღუდა, თუკი ამერიკა მას სანქციებს მოუხსნიდა. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეთანხმება 2018 წელს დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. თეირანმა კი საპასუხოდ, შეთანხმების პირობების დარღვევა დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG