„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) საქართველოში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ გასული ერთი წლის მანძილზე, ქვეყნაში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან გარკვეულწილად გაუარესდა (76%). უმუშევრობა კვლავ რჩება საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარ საკითხად. გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ ეს მთავარი პრობლემაა. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 20 პროცენტით იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას სწორად უმკლავდება. თუმცა, 59 პროცენტი კვლავ თვლის, რომ ის ძალიან (15%) ან მეტ-ნაკლებად (44%) კმაყოფილია მთავრობის ქმედებებით.
"წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიისა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე", განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზში.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გარშემო, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის კვალდაკვალ, მოსახლეობის 45% მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ასევე 45% ამის წინააღმდეგია. მოსახლეობის უმეტესობა, 60% პროცენტი, სრულიად არ ემხრობა (18%) ან გარკვეულწილად (42%) არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტს.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, შეკითხვაზე კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 35 პროცენტი "ქართულ ოცნებას" ასახელებს, როგორც მის პირველ არჩევანს, 18 პროცენტი "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 3 "ევროპულ საქართველოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელს". "ქართული ოცნება" 2 %-ისთვისაა მეორე არჩევანი, "ნაციონალური მოძრაობა" 5%-ისთვის, "ევროპული საქართველო" 6-ისთვის და "სტრატეგია აღმაშენებელი" 4%-ისთვის.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 69% თვლის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია, შემდეგ 54%-ით ევროკავშირი მოდის. მოსახლეობის 88%-ს მიაჩნია, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის მთავარი პოლიტიკური საფრთხეა. გამოკიხულთა 78% სრულიად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ევროკავშირის შემთხვევაში კი წევრობას სრულად ან ნაწილობრივ 83% ემხრობა.
პანდემიასთან ბრძოლაზე საუბრისას, მოსახლეობის 20% ამბობს, რომ აიცრებოდა, 24%-ის თქმით ამას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გააკეთებს, ხოლო 39% ამბობს, რომ არ აიცრება.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ინფორმაციით, კვლევა 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა შერჩევითი შერჩევის მეთოდს და პირდაპირ ინტერვიუებს. კვლევის ცდომილება +/- 2,5 პროცენტია. გამოიკითხა საარჩევნო ასაკის 1500 რესპონდენტი. კვლევის გამოპასუხების მაჩვენებელი 75%-ია.
Facebook Forum