უკრაინის გენშტაბის უფროსი, მოსკოვს ბრალს დებს, რომ ის უკრაინის საზღვარზე სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციას ახორციელებს. რუსლან ხომჩაკი ამასთან აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები განაგრძობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას აღმოსავლეთ უკრაინაში.
მობილიზაცია მიმდინარეობს “სტრატეგიული წვრთნების მზადების ნიღბის ქვეშ“, განაცხადა მან „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან საუბარში და დასძინა, რომ ოკუპირებულ დონბასში საბრძოლო ბრიგადის, პოლკების და მომზადების დანაყოფების დამატებით ათასობით ჯარისკაცი იქნა განთავსებული, რომლებიც ადგილზე რუსეთის ჯარს ეხმარებიან.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენი აღმოსავლელი მეზობლის მსგავს ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს“, - განაცხადა ხომჩაკმა. „ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო პროვოკაციისა და მტრის ქმედებებზე რეაგირებისთვის", - თქვა მან.
ხომჩაკმა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაციის შესახებ პირველად 30 მარტს, უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
კრემლი ამბობს, რომ კომენტარებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამოხმაურება მოჰყვა 31 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ვიდეო-კონფერენციისას საუბარში. მან ბრალი დაძაბულობაში უკრაინას დასდო და მოუწოდა კიევს ჩაერთოს პირდაპირ დიალოგში სეპარატისტ ძალებთან.
„რუსეთის მხარემ გამოხატა სერიოზული შეშფოთება შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავების გამო, რომელიც უკრაინის პროვოკაციების შედეგია კონტაქტის ხაზზე“, - განაცხადა კრემლმა განცხადებაში 30 მარტს.
ვიდეო-კონფერენციის შემდეგ, განცხადება გაავრცელა ასევე საფრანგეთმაც, სადაც მიანიშნა, რომ მაკრონმა და მერკელმა რუსეთს სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდეს.
„ხაზგასმული იყო საჭიროება რუსეთის მხრიდან, რომ აიღოს ცალსახა ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის სტაბილიზაციაზე უკრაინაში და კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს მინსკის შეთანხმების შესაბამისად“, - ნათქვამი იყო საფრანგეთის განცხადებაში.
გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი ე.წ. ნორმანდიის ფორმატის წევრები არიან უკრაინასთან ერთად და რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გადასაწყვეტად.
ამ დრომდე უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტს 13,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Facebook Forum