ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინულ ენერგო კომპანიაში მუშაობაში, რომელიც გასულ წელს დონალდ ტრამპის პირველი იმპიჩმენტის საქმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო, არაეთიკური არაფერი ყოფილა. მას ეს გადაწყვეტილება გააზრებულად ჰქონდა მიღებული. თუმცა, ასევე ამბობს, რომ ახლა არჩევანის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ამას თავიდან აღარ გააკეთებდა.
51 წლის ჰანტერ ბაიდენი ამის შესახებ მომავალ წიგნში, თავის მემუარებში წერს. წიგნი მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს.
უკრაინული გაზის კომპანია "ბურისმა ჰოლდინგმა" ჰანტერ ბაიდენი მმართველი საბჭოს წევრად 2014 წელს დანიშნა. მისი მამა ამ დროს ვიცე-პრეზიდენტი იყო და პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკურ კურსს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ატარებდა.
გასულ წელს, დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები გამუდმებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ჰანტერ ბაიდენის მიერ ამ პოზიციაზე მუშაობა მაშინ, როდესაც მამამისი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, არაეთიკური იყო. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედიაში გავრცელდა ჰანტერ ბაიდენთან და "ბურისმასთან" დაკავშირებული ელექტრონული მიმოწერაც. ამერიკის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს მასალები რუსეთის მიერ ჰაკერული თავდასხმისას იყო მოპოვებული და დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი იყო.
რესპუბლიკელთა ნაწილი და ზოგიერთი უკრაინელი ამტკიცებდა, რომ მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის მაშინდელი გენერალური პროკურორის გადაყენებაც კი სცადა იმისთვის, რომ შვილი დაეცვა. თუმცა მოგვიანებით, ამერიკელმა კანონმდებლებმა ვერ დაადგინეს კავშირი ან შესაძლო გავლენა მამა-შვილი ბაიდენის სამსახურებრივ თანამდებობებს შორის.
Facebook Forum