ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ბრიუსელში და "ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ახალი თავი"


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს თავისი ალიანსების გაძლიერება სურს. "პირველ ყოვლისა, ჩვენს მოკავშირეებთან ნატოში", - ამბობს ის და ალიანსისადმი ბაიდენის ადმინისტრაციის "ურყევ ერთგულებას" კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ბლინკენმა ჟურნალისტებთან ეს კომენტარები ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას გააკეთა. ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრეს. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომას და თქვა, რომ ესაა "უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ახალი თავი დაიწყოს".

განხილვების ერთ-ერთი უმთავრესი თემა ბრიუსელში ამ ორი დღის განმავლობაში, ავღანეთში ნატოს მისიაა. 1 მაისი ამერიკის ჯარების სრული გამოყვანისთვის დადგენილი თარიღია. ეს შეთანხმება გასულ წელს დაჯგუფება "თალიბანის" ლიდერებსა და ამერიკის მაშინდელ ადმინისტრაციას შორის შედგა.


ბლინკენი ამბობს, რომ სიტუაცია ახლა თავიდან ფასდება და ეს საკითხი ბრიუსელში ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილება. მისი თქმით, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ამერიკამ, მისი მოქმედებები შეთანხმებული და კონსულტაციებზე დაფუძნებული იქნება იმ სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც სამხედრო მისიაში შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობდნენ. ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, ამერიკამ ეს მისია პარტნიორებთან ერთად დაიწყო, ვითარების ცვლილებების პარალელურადაც ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და როდესაც "შესაბამისი დრო დადგება, ერთად დავტოვებთ" ავღანეთს.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ის სამშვიდობო მოლაპარაკებების ძალისხმევას მიესალმება და რომ ეს "ერთადერთი გზაა ავღანეთში პოლიტიკური სიტუაციის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის", მაგრამ ნატოს გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ მშვიდობის მისაღწევად, აუცილებელია, ყველა მხარე გულწრფელი იყოს, "თალიბანის მხრიდან" კი ძალადობა შემცირდეს და შეწყდეს ალ-ყაედას მსგავსი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG