ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ახალი თარიღები და განსხვავებული მოსაზრებები


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ამერიკის საგარეო სამხედრო ჩართულობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ავღანეთში ისედაც შემცირებული რაოდენობის ამერიკელი ჯარისკაცები საშობაოდ შინ უნდა დაბრუნდნენ. პენტაგონი ჟურნალისტების შეკითხვებს თეთრ სახლთან ამისამართებდა. თავდაცვის სპეციალისტების ნაწილი გაკვირვებას, ზოგი კი - უკმაყოფილებას არ მალავდა.

პრეზიდენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამ თემაზე ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში მისმა მრჩეველმა, რობერტ ო’ბრაიენმა ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში დარჩენილი 5000-მდე ჯარისკაცისგან დაახლოებით ნახევარი ავღანეთს 2021 წლის დასაწყისში დატოვებდა. თუმცა პრეზიდენტმა „სრულ გამოსვლაზე“, თანაც უფრო ადრეული ვადის შესახებ გააკეთა განცხადება.

სამხედრო სფეროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მალევე „ამერიკის ხმას“ ანონიმურად უთხრა, რომ წლის ბოლომდე ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის შესახებ პირველად სწორედ „ტვიტერით“ შეიტყო.

გზავნილი დაპირების შესრულების შესახებ

სამხედრო ექსპერტების ნაწილისთვის ეს წინასაარჩევნოდ საჭირო განაცხადია:

„რატომ უნდა გამოვიყვანოთ ორი-სამი ან ოთხი ათასი ჯარისკაცი იმ ადგილიდან, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ტერორისტული დაჯგუფება და ორგანიზაციაა თავმოყრილი? ეს ცუდი პოლიტიკაა, ცუდად კოორდინირებული, ცუდად აღსრულებული. ის ამას არჩევნების წინ, პოლიტიკური მიზნებით აკეთებს“, - ამბობს ბრედლი ბოუმენი, "დემოკრატიების დაცვის ფონდის" წარმომადგენელი.

პრეზიდენტ ტრამპისთვის ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება იქნება.

„ჩვენ გავანადგურებთ ტერორისტებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ემუქრებიან და ამერიკას გამოვიყვანთ ამ სასაცილო, სულელური, დაუსრულებელი საგარეო ომებიდან“, - ამბობდა დონალდ ტრამპი მისი პირველი კამპანიის პირველივე დღეებში.

ოპონენტების აზრით, პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება იმ დროს გაკეთდა, როდესაც მის კამპანიას კოვიდ 19-ით ავადმყოფობის შემდეგ, ძალების მოკრება სჭირდება. ამასთან, ჯო ბაიდენი აქტიურად იყენებს "ატლანტიკის" მიერ გამოქვეყნებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ვეტერანებისა და ომში დაღუპული ჯარისკაცების მიმართ დონალდ ტრამპი უპატივცემულობას გამოხატავდა და მათ შეურაცხმყფოელი სიტყვებით მოიხსენიებდა.

ბევრი ამერიკელს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების შინ დაბრუნება ნამდვილად სურს. „ევრაზიის ჯგუფის ფონდის“ ერთ-ერთმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ორივე პარტიიდან მხარს უჭერს ქვეყანაში შიდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს. პრეზიდენტს განცხადება მოუწონა „თალიბანმაც“.

მდგომარეობა ავღანეთში

ამერიკის მთავრობის თანახმად, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიები დაახლოებით 20 ტერორისტული დაჯგუფების სამშობლოა. მეტის, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონი მსოფლიოში. ავღანეთის ხელისუფლება კი „თალიბანის“ აგრესიასთან ბრძოლას აგრძელებს.

კრიმინალის მაჩვენებლები იზრდება და ეს არ არის კარგის ნიშანი. თუმცა კიდევ ერთხელ, ძალადობის მასშტაბებზე ვსაუბრობ და ვამბობ, რომ ეს მიუღებელია. ავღანელები ყოველდღე იღუპებიან. ხელნაკეთი ნაღმების, თავდასხმების შედეგად. ძალადობა ძალადობას იწვევს. ძალადობის ახლანდელი მასშტაბების მსგავსი რამ ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გვინახავს
ნატოს უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი ავღანეთში

ნატოს უმაღლესი სამოქალაქო წარმომადგენელი ავღანეთში სტეფანო პონტეკორვო ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანის“ ლიდერები და ავღანეთის ხელისუფლება ახლა დოჰას პროცესში მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, „თალიბანთან“ დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და აგრესია ბოლო ათწლიან პერიოდში ახლა ყველაზე მაღალია.​

„რაც მოლაპარაკების მაგიდის მიღმა ხდება, ძალიან შემაშფოთებელია", - ამბობს სტეფანო პონტეკორვო. "ძალადობის გაზრდა და მისი ის მასშტაბები, რაც ახლა ვნახეთ, სრულიად მიუღებელია. ეს ძირითადად „თალიბანს“ უკავშირდება. ეს უნდა შეიცვალოს, რადგან ეს მდგომარეობა არ შეესაბამება მოლაპარაკებების მშვიდ პროცესს და ჩვენი აზრით, არც ამერიკა-თალიბანის შეთანხმებას“

პონტეკორვო ქვეყნის განვითარებას ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა ამბობს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახლა სიტუაცია ნამდვილად არ არის საუკეთესო:

„კრიმინალის მაჩვენებლები იზრდება და ეს არ არის კარგის ნიშანი. თუმცა კიდევ ერთხელ, ძალადობის მასშტაბებზე ვსაუბრობ და ვამბობ, რომ ეს მიუღებელია. ავღანელები ყოველდღე იღუპებიან. ხელნაკეთი ნაღმების, თავდასხმების შედეგად. ძალადობა ძალადობას იწვევს. ძალადობის ახლანდელი მასშტაბების მსგავსი რამ ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გვინახავს", - განმარტავს "ამერიკის ხმასთან" საუბარში ნატოს სამოქალაქო წარმომადგენელი ავღანეთში

შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის გენერალი მარკ მილი ამბობს, რომ ავღანეთში დარჩენილი 4 500 ჯარისკაცის შინ დაბრუნების საკითხი სწორედ „თალიბანის“ მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისა და ძალადობის ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად წინ წავა დაჯგუფებასა და ოფიციალურ ქაბულს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები.

„არ მგონია, რომ ავღანეთიდან ახლა გამოსვლა შეგვეძლოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანას უფრო ინტენსიურ სამოქალაქო ომში ჩაძირავს. ქვეყნის უფრო დიდი ნაწილი იქნება რყევების, არასტაბილურობის რისკის ქვეშ. და ის ასევე გახდება „ალ-ყაედასა“ და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ თავშესაფარი და ფესვების გასადგმელად და შემდგომი თავდასხმების დასაგეგმად ნოყიერი ნიადაგი", - მიაჩნია მაიკლ ოჰანლონს, "ბრუკინგსის ინსტიტუტის" მკვლევარს.

ნატო: "ავღანეთში ერთად შევედით და მას ერთად დავტოვებთ"

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსი, რომელსაც ავღანეთში დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ძალისხმევის კოორდინირებას აპირებს და გადაწყვეტილებას ჯარების რაოდენობაზე იმის მიხედვით მიიღებს თუ რა მდგომარეობა იქნება ადგილზე.

„ჩვენ ავღანეთში შესვლა ერთად გადავწყვიტეთ, სამომავლო ცვლილებებსაც ერთად გადავწყვეტთ. და როდესაც შესაბამისი დრო იქნება, ერთად დავტოვებთ ავღანეთს“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საბოლოოდ სწორედ ეს მიდგომა განხორციელდება, რაზეც სტოლტენბერგი და სამხედრო მეთაურები საუბრობენ.

„ნებისმიერი უმაღლესი მთავარსარდალი პირველ ყოვლისა ამერიკელების უსაფრთხოებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ასე რომ თუკი ასეთი თარიღებით დათქმულ გეგმას მივყვებით ავღანეთიდან გამოსვლის თაობაზე, ვშიშობ, სამწუხაროდ, უკან დაბრუნება უფრო მეტი მსხვერპლის ფასად მოგვიწევს“, განმარტავს ბრედლი ბოუმენი.

2001-2020 - ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი

ავღანეთში, ამერიკის ჩართულობით, ყველაზე ხანგრძლივი ომი 2001 წელს დაიწყო, როცა შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული კოალიციის არმია 11 სექტემბრის ტერაქტზე საპასუხოდ ქვეყანაში შეიჭრა. ავღანეთს მაშინ დაჯგუფება „თალიბანის“ ლიდერები მართავდნენ და მის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ყაედას და მის ლიდერს, 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორს, ოსაბამა ბინ ლადენს ხელს აფარებდნენ.

წელს, თებერვალში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც, თუკი „თალიბანი“ პირობების შესრულებას განაგრძობს, კოალიციის სამხედრო ძალები 2021 წლის შუა თვეებში ქვეყანას სრულად დატოვებენ. თუმცა სამხედრო მაღალჩინოსნები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტერიტორიას მხოლოდ ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და მოვლენათა განვითარების შესაბამისად, ეტაპობრივად დატოვებენ.

ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის - ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიაში, („საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ შემადგენლობაში) 2004 წლის აგვისტოში ჩაერთნენ. დღემდე სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ მიიღო. ამ ხნის განმავლობაში ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა რამდენიმე ასეული კი დაიჭრა და დაშავდა.

XS
SM
MD
LG