შეერთებულ შტატებში ჩატარებული დიდი მოცულობის კვლევა ადასტურებს, რომ "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინა, დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმისგან დაცვას, 100%-ით უზრუნველყოფს. ეფექტურობის მაღალ მაჩვენებელზე მასალა ორშაბათს თავად კომპანიამ გამოაქვეყნა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის და "ასტრაზენეკას" ერთობლივი ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების დადგენის მიზნით ჩატარებულ კლინიკური კვლევაში, 32, 449 ამერიკელი მონაწილეობდა. "ეფექტურობა სხვადასხვა ასაკობრივ და ეთნიკურ ჯგუფებში დასტურდება. აღსანიშნავია, რომ 65 წლის და ზევით ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინის ეფექტურობა 80%-ს უდრის" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
უსაფრთხოების დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო ჯგუფმა (DSMB) ვაქცინასთან დაკავშირებული სასიცოცხლო საფრთხეები გამორიცხა. რაც შეეხება სიმპტომატური დაავადებისგან დაცვას, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის ეფექტურობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში საშუალოდ 79%-ს შეადგენს.
ხელსაყრელი შენახვის პირობების გამო, კოვიდ-19-ის პრევენციის საქმეში აღნიშნულ ვაქცინას განვითარებად ქვეყნებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აცრები წარმატებით მიმდინარეობს 50-ზე მეტ ქვეყანაში. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ამერიკაში ოქსფორდ-"ასტრაზენეკას" ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების განხილვა უახლოეს დროში იგეგმება. ექიმი ფრანცის კოლინსი, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი ამბობს, რომ საგანგებო ავტორიზაცია, საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ასტრაზენეკას" შესაძლოა მომდევნო ერთი თვის მანძილზე მიანიჭოს.
ამასობაში კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი კი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრის მიხედვით, 132.2 მილიონს აჭარბებს.
Facebook Forum