ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს


საქართველო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებით აგრძელებს. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ექსპერტები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ, 27 წლის ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის ახალციხიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანომობილით გადმოიყვანეს.

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა, ეკა ტირარაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის პერსონალის „ასტრაზენეკათი“ აცრა ახალციხის შემთხვევის მიუხედავად შეუფერხებლად გაგრძელდება:

“ასტრაზენეკა“ არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, ევროპის წამლის სააგენტოს ბოლო განცხადებაც ამის დასტურია"
ეკა ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი


“ასტრაზენეკა“ არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, ევროკავშირის მარეგულირებელი ევროპის წამლის სააგენტოს ბოლო განცხადებაც იმის დასტურია, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს იმის საფუძველი, რომ „ასტრაზენეკას“ მოხმარება შეჩერებული იყოს.

აქედან გამომდინარე, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს“ - აღნიშნა ეკა ტიკარაძემ.

საქართველომ კორეული წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და 15 მარტიდან ჯანდაცვის პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო.

17 მარტის 18 საათისთვის, ქვეყანაში სულ 2719 ადამიანი იყო აცრილი, რაც კატასტროფული შედეგია, https://booking.moh.gov.ge/-ზე კი სადაც ონლაინ შეიძლება კოვიდზე ასაცრელად ჩაწერა მხოლოდ 5350 ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული იყო რეგისტრირებული. ეს მაშინ როცა ქვეყანაში 70 000-ზე მეტი ექიმი და ექთანია.

ხელისუფლებიდან პირველი პრეზიდენტი ზურაბიშვილი აიცრა
ხელისუფლებიდან პირველი პრეზიდენტი ზურაბიშვილი აიცრა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი აიცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, კოლეგებს მიმართავს და დაჟინებით მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ აცრა და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ვაქცინაციის მთელი პროცესი:

მოვუწოდებ ყველა ექიმს, მედდას, მედდის დამხმარეს რაც შეიძლება სწრაფად ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რათა მაგალითი მივცეთ საზოგადოების დანარჩენ წევრებს, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთადერთი გზა არის სწორედ ვაქცინაცია"
გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი


„მოვუწოდებ ყველა ექიმს, მედდას, მედდის დამხმარეს, რაც შეიძლება სწრაფად ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რათა მაგალითი მივცეთ საზოგადოების დანარჩენ წევრებს, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთადერთი გზა სწორედ ვაქცინაციაა“ - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, თავდაპირველად საქართველოში მედპერსონალის 65% უნდა აიცრას, რაც დაახლოებით 46 ათასი ადამიანია.

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულების აცრის შემდეგ, ვაქცინაციაში ხანდაზმულთა პანსიონატები და იქ მომსახურე პერსონალი, ჯამში - 2000 ადამიანი ჩაერთვება. ამის შემდეგ კი აცრები უკვე 75 წელს გადაცილებულებს და რის-ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს შეეხებათ.

ეროვნული გეგმით, 2021 წლის ბოლომდე, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის, 60%-ის, დაახლოებით, 1,7 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოხდეს. ამ გეგმის გადასაჭრელად ქვეყანას ვაქცინის დაახლოებით 4 მილიონი დოზა სჭირდება.

XS
SM
MD
LG