შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ "TV პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებულ გამოძიებას ყურადღებით დააკვირდება. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია მედიის უფლებებსა და თავისუფლებებზე.
"ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა, არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იყოს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ხაზგასმულია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მნიშვნელობაც.
"სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და ის არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით".
"TV პირველმა" 6 მარტს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ისინი სოციალურ ქსელში გაკეთებული, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო, 15 წლის არასრულწლოვნის დაშინების საქმეს განიხილავდნენ. 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მას უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები. მოგვიანებით, პროკურატურამვე გაავრცელა განცხადება, რომ "TV პირველს" უფლება აქვს, არ მისცეს მათ შესაბამისი მოწყობილობა.
აუდიო-ჩანაწერებს მმართველი გუნდის წევრების ნაწილი ფალსიფიკაციად, ნაწილი კი მონტაჟის შედეგად მიღებულ შინაარსად მიიჩნევდა. ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც". ღარიბაშვილმა კი ამ ჩანაწერს, 6 დღის შემდეგ, ფალსიფიცირებული უწოდა.
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით". სატელეფონო საუბრის შინაარსით გამოძიება არ დაინტერესებულა.
Facebook Forum