ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს 


6 მარტს ტვ პირველის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ბერა ივანიშვილმა ისაუბრა. მომღერალი ამბობს, რომ ჩანაწერები როცა გაკეთდა ის 15-16 წლის იყო.

"ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი, პორნოგრაფიული სურათები. ამ ბავშვებს წერდნენ, რომ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ. ამაზე რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გადაგვეცა ეს დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალისა და ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამას ესწრებიან მისი მშობლები, მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება,"- თქვა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მომღერალი აქვე ამბობს, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს "პასუხს მოსთხოვს"

"არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა,"- ამბობს ბერა ივანიშვილი.

ინტერვიუ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში რამდენიმე წუთის წინ გავიდა. მომღერალმა წამყვანების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი სოციალური გვერდები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავდასხმის ქვეშ არის. ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ის უკვე ესაუბრა ტიკ-ტოკისწარმომადგენელს და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერები რომლის შესახებაც დღეს ბერა ივანიშვილმა ისაუბრა ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გამოქვეყნდა. ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში წერია: "საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG