ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი" - ღარიბაშვილის განცხადება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებებას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი "ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას" პარლამენტში შესვლას სთავაზობს.

"ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონის აღსრულება, რაც ოპოციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გულისხმობს, "პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად" აუცილებელი პირობა იყო.

"კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე" - აცხადებს პრემიერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG