ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელების მესამე პარტიის იდეა გამოწვევების წინაშეა


რესპუბლიკელი ყოფილი ოფიციალური პირების ჯგუფი, რომლებიც დონალდ ტრამპის გავლენის საწინააღმდეგოდ, მესამე, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის შექმნას გეგმავენ, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მთავარი გამოწვევა კი, შესაძლოა, ამერიკის პოლიტიკის, მმართველობის ორპარტიული ისტორია იყოს.

მიმდინარე კვირაში, რესპუბლიკელი ყოფილი ოფიციალური პირების ვირტუალი შეხვედრის შესახებ, სააგენტო „როიტერი“ წერდა. მათი ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებმა, მესამე პარტიის შექმნაზე იმსჯელეს.

თუმცა, წარმომადგენელთა პალატაში, ტრამპის საწინააღმდეგო პოზიციებით, ორმა ყველაზე ცნობილმა კანონმდებელმა, ლიზ ჩეინიმ და ადამ კინზინგერმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მესამე პარტიის შექმნის იდეაზე. სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, იდეის მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავენ ტრამპის სხვა რესპუბლიკელი კრიტიკოსებიც. ისინი ამბობენ, რომ მესამე პარტიის შექმნა, კონსერვატორთა ხმებს ორად გაყოფს, რაც დემოკრატებს დაეხმარება.

ადამ კინზინგერის პრესსპიკერი, როიტერთან საუბრისას აცხადებს, რომ კონგრესმენი 5 თებერვალს გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა და დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში საუბრობდა. სპიკერის თქმით, ადამ კინზინგერი რესპუბლიკური პარტიის შიგნიდან რეფორმირების მომხრეა.

„როიტერთან“ ისაუბრა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის, ლიზ ჩეინის პრესსპიკერმაც. მისი თქმით, ჩეინი „პარტიის გაყოფის ყოველგვარ მცდელობას“ ეწინააღმდეგება. აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დემოკრატებს გაუადვილებს იმგვარი პოლიტიკის წარმოებას, რასაც კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან.

ჩეინი და კინზინგერი იმ 10 რესპუბლიკელს შორის არიან, ვინც წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG