ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინა და გეოპოლიტიკა: როგორ იქცა სპუტნიკ-V მოსკოვის საგარეო პოლიტიკურ იარაღად


საერთაშორისო არენაზე, ვაქცინისთვის რბოლა, კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისიდანვე პოლიტიკურ შეჯიბრად იქცა. მეტოქე ქვეყნები ცდილობდნენ ყოფილიყვნენ პირველნი, ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საქმეში.

რუსეთმა "სპუტნიკ-V" ვაქცინის ავტორიზაცია მისი კლინიკური გამოცდის გადამწყვეტი ფაზების გავლის გარეშე, აგვისტოში გასცა. ამან გააჩინა სკეპტიციზმი და კითხვები პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩინეთმა კი საგანგებო გამოყენებისთვის მისი „სინოვაკის“ ვაქცინა ივლისში დაადასტურა. ეს მაშინ, როცა დასავლეთში დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც „ფაიზეირის“ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაციით გავრცელების ნებართვა, ბევრად მოგვიანებით, დეკემბერში მისცა.

ვაქცინის შესყიდვის და ექსპორტის საკითხმა, კიდევ ერთხელ ნათლად გამოკვეთა ტრადიციული გეოპოლიტიკური შეჯიბრის და დაპირისპირების კონტურები. ვაქცინაზე მაღალი მოთხოვნის პირობებში, რუსეთი და ჩინეთი კრიზისის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ, - ამბობს რობინ შეპარდი, "ჰალიფაქსის ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტი.

„როცა კი დასავლურ დემოკრატიაში სისუსტის წერტილებს ამჩნევენ, ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი, ყველაფერს გააკეთებენ რომ შანსი გამოიყენონ. მათ შორის კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც”, - ამბობს ის.

შეპარდის თქმით, ვაქცინას, ისევე როგორც სხვა გზებს, რუსეთი დასავლეთში დაპირიპისპირების გაღვივებისთვის იყენებს. უნგრეთი, მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი ვიქტორ ორბანის მთავრობით, ევროკავშირში პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინა დაამტკიცა და ჩინურის შესყიდვასაც გეგმავს, ევროკავშირის ვაქცინის ერთიანი პროგრამის გვერდის ავლით. ეს კი უკვე არსებულ უთანხმოებებს ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის, კიდევ უფრო აღრმავებს.

“რუსეთი და განსაკუთრებით ჩინეთი, ცდილობენ გლობალურად კამპანიის წარმოებას და ლიდერის როლის მორგებას... ჩინური ვაქცინის კამპანია, ნაწილია ჩინეთის ინტერესისა, გაზარდოს მისი პოლიტიკური გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებთ სამხრეთ ნახევარსფეროში: ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში“, - ამბობს კორინა რებეგეა, „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი.

რუსეთის ვაქცინა უფრო აქტიურად გამოიყენება საზღვარგარეთ, ვიდრე ქვეყნის შიგნით. წარმოებული ვაქცინის დოზების დიდი ნაწილის, 400 მილიონის ექსპორტს გეგმავს ასევე ჩინეთიც. პეკინი ვაქცინას მის მოკავშირეებს, მაგალითად პაკისტანს და ისეთ ქვეყნებს გადასცემს, რომელთანაც უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, მაგალითად - სერბეთს. "სპუტნიკ-V" კი დაამტკიცეს ან ლიცენზიის შეთანხმება მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა არგენტინა, მექსიკა, ინდოეთი, ვენესუელა და ირანი.

„სპუტნიკ V" უფრო საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანდაცვის. ის ექპორტისთვის შეიქმნა, სხვა ქვეყნებში უფრო აქტიურად გამოიყენება ვიდრე რუსეთის ფედერაციის შიგნით“, - ამბობს რებეგეა.

ვაქცინა, როგორც რბილი ძალა

მაშინ როცა რუსეთი და ჩინეთი, ვაქცინის ექსპორტზე აქტიურად მუშაობენ, დასავლეთის ქვეყნებისთვის პრიორიტეტი საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციაა. ეს, ე.წ. ვაქცინის ნაციონალიზმი, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბევრ მოკავშირეს, უკმაყოფილოს ტოვებს.

ამ ვაკუუმის შევსებას კი მოსკოვი და პეკინი ცდილობენ.

ავტორიტარულ ქვეყნებს, დასავლეთთან შედარებით, ამის შესაძლებლობას ერთი რამ აძლევს, - განმარტავს დამირ მარუსიჩი „ატლანტიკური საბჭოდან".

„საქმე არა დასავლეთის სიხარბეში, არამედ იმაშია, რომ დემოკრატიებში გადაწვეტილებების მიღებისას, მოქალაქეების საჭიროებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ავტორიტარული ქვეყნებისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია... ჩინეთსა და რუსეთს, რადგან ისინი მათი მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულნი არ არიან, შეუძლიათ გეოსტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ“, - ამბობს დამირ მარუსიჩი.

რუსული ვაქცინა
რუსული ვაქცინა

ცოტა ხნის წინ, ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ნათქვამი იყო, რომ რუსული ვაქცინა 92 პროცენტით ეფექტურია. კვლევა, რუსეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. კვლევის მიგნებები რუსულ ვაქცინას გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს. თუმცა, ეფექტურობის გარშემო შეკითხვებთან ერთად, რუსეთისგან ვაქცინის მიღებას, პოლიტიკური ასპექტებიც ერთვის თან. ის ეხმარება ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით რუსული რბილი ძალის გაძლიერებას, ანტი-დასავლურ განწყობებს და არგუმენტს აძლევს პრო-რუს პოლიტიკოსებს.

„ლიდერები, რომლებიც სულ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მათი ქვეყნების დასავლურ მომავალს და ამბობდნენ, რომ ბალანსია საჭირო ჩინეთს, რუსეთს და ევროკავშირს შორის, ახლა უფრო ძლიერად გამოიყურებიან... ეს კი იმით მთავრდება, რომ ეს ლიდერები იმტკიცებენ ძალაუფლებას და ამას კორუფცია და ყველაფერი დანარჩენი თან მოჰყვება", - ამბობს მარუსიჩი.

ვაშინგტონში, ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გეგმავს შეუერთდეს „კოვაქსის“ ინიციატივას, რომლის მიზანიც ვაქცინის განვითარებული ქვეყნებიდან, დაბალი შემოსვლის ქვეყნებზე გადანაწილებაა. თუმცა, ამერიკის წინაშეც მთავარ გამოწვევად ახლა ქვეყნის შიგნით ვაქცინაციის პროცესის სწრაფად წარმართვა დგას.

ამავე პრობლემის წინაშეა ევროკავშირიც.

ვაქცინის ნაციონალიზმი

ვაქცინის ომი უწოდეს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბრიუსელსა ლონდონს შორის დაპირისპირებას ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის გარშემო. ევროკომისიამ ბრალი დასდო კომპანიას, რომ ის პრიორიტეტს ბრიტანეთს ანიჭებდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ თქვა, რომ გაერთიანებისთვის ვაქცინის დაპირებულის მხოლოდ მესამედის მიწოდებას შეძლებდა 2021 წლის პირველ კვარტალში.

ბრიუსელი დაიმუქრა ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის და ექსპორტის ჩაკეტვით. ამას ბრიტანეთის, რომელმაც გაერთიანება დატოვა, აღშფოთება მოჰყვა. ლონდონმა ბრიუსელს ბრალი დასდო, მისი შეცდომების და ნელი რეაგირების სხვებზე გადაბრალებაში.

„ბრიტანეთისთვის ეს სიამაყის და მისი სისწორის დადასტურება იყო. განსაკუთრებით, თუ ბრექსიტს ემხრობოდი. ევროკავშირში არყოფნის ფონზე, ბრიტანეთმა [ვაქცინაციის] პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად წარმართა“, - აღნიშნავს გამოცემა „სანდეი თაიმსის“ ჟურნალისტი, ჯოშ გლანსი.

ქვეყნებს შორის ამ დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ლონდონის ბრიუსელისგან გაყრას, ბრექსიტს, აჩრდილად გასდევდა.

„ბრექსიტის გასამართლებლად უკეთესი არგუმენტი ძნელი მოსაძებნია", - ამბობს გლანსი.

თუმცა კონკურენციის მიუხედავად, გლობალური პანდემიას თანამშრომლობის და ერთობლივი მოქმედების გარეშე, რთული დასამარცხებელი იქნება.

"ვაქცინაციის ნაციონალიზმს ნამდვილად ვხედავთ, თუმცა ხალხს ესმის, რომ პანდემია არ დასრულდება, სანამ ვაქცინას ყველა არ მიიღებს. ბრიტანეთი მართალია ევროპაზე წინაა, თუმცა თუ ყოველდღიურად ათასობით ფრანგული სატვირთო კვეთს შენს საზღვარს და საფრანგეთში ვაქცინაცია არ მომხდარა, ეს პრობლემას არ ჭრის“, - ამბობს გლანსი.

ამ ფონზე ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ლოდინი დიდხანს მოუწევთ.

„ეს ევროკავშირში ყოფნის სარგებელს აჩვენებს. ქართველებმა, უკრაინელებმა და მოლდოველებმა ეს იციან, მაგრამ ეს არის გზავნილი პოლიტიკური ელიტისთვის, რომ ამ გზაზე სვლა ძალიან კონკრეტულ სარგებელთან ასოცირდება, ბევრი მიმართულებით“, - ამბობს კორინა რებეგეა.

ვაქცინის გარშემო ერთგვარი პოლიტიკური ომები, დაპირისპირება და დიპლომატიური კრიზისები იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა ერთი წლის თავზე, პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად ქვეყნებისთვის კვლავ კარანტინი, ჩაკეტვა და სოციალური დისტანცირება რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG