ოთხშაბათს ჩინეთმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა ჯანმო მიიწვიოს და “კოვიდ-19”-ის აფეთქების წყარო საკუთარ ქვეყანაში გამოიკვლიოს.
ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჯანმოს გუნდის მიერ წინასწარი დასკვნების გაჟღერებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სურს გადაამოწმოს მონაცემები, რომელიც ჯანმოს გუნდმა გამოიყენა. ჯანმოს მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ “კოვიდ-19” ვუჰანის ლაბორატორიაში არ შექმნილა და სავარაუდო წყაროდ ღამურები რჩება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვანგ ვენბინმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა: “გვსურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მსგავსად გამჭვირვალობის პრინციპი დაიცვას და შეძლოს ჯანმოს ექსპერტების შეერთებულ შტატებში მიწვევა, რათა წარმოშობის კვალის გამოძიება და შემოწმება ჩაატარონ.”
პირველად ვუჰანში გამოჩენილი კორონავირუსის პანდემიის პირველწყაროს საკითხი უაღრესად პოლიტიზებულია და ჩინეთი ავრცელებს მოსაზრებას, რომ ვირუსის ფესვები ქვეყნის გარეთაა.
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯანმოს გამოძიების “დაგეგმვაში და განხორციელებაში” არ მონაწილეობდა და მისი დასკვნების და გამოყენებული მონაცემების დამოუკიდებლად გადახედვა სურს.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტაბლოიდის, “გლობალ თაიმსის” მთავარმა რედაქტორმა ჰუ ძიჯინმა სოციალურ მედიაში შემდეგი შინაარსის შენიშვნა გამოაქვეყნა: “შეერთებული შტატები ჯანმოს მონაცემებს დამოუკიდებლად ამოწმებს? ეს, ჯანმომ უნდა შეამოწმოს შეერთებული შტატების მონაცემები... რაღაც მოგვესმა, თუ ეს პრეს-მდივანი ნამდვილად ასეთი უსირცხვილოა?”
პეტერ ბენ ემბარეკმა, რომელიც ჯანმოს გუნდის ხელმძღვანელია და ჩინეთში ოთხი კვირა დაჰყო, მათ შორის ორი კვირა კარანტინში გაატარა, თქვა რომ გამოძიებას ვირუსის აფეთქების სურათი დრამატულად არ შეუცვლია, თუმცა შესაძლოა ვუჰანში მოხვედრამდე ვირუსს საზღვრები გადაეკვეთა.
ლაბორატორიიდან გამოჟონვის ვარიანტის გამორიცხვასთან ერთად, მან თქვა, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლოა გაყინული სურსათით მომხდარიყო. ამ ვერსიას შეეძლება გაამყაროს პეკინის მიერ მხარდაჭერილი თეზისი, რომ ზოგიერთი კლასტერი იმპორტირებული სურსათის შეფუთვას უნდა დაბრალდეს.
“გლობალ თაიმსი” წერს, რომ “ჯანმოს დასკვნა სრულად აბათილებს შეთქმულების თეორიებს” იმის შესახებ, რომ ვირუსის გაჟონვაზე პასუხისმგებლობა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეკისრება.
შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ადრე თქვა, რომ არსებობდა “მტკიცებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა” იმის თაობაზე , რომ ახალი კორონავირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გამოვიდა.
ჩინეთის ოფიციალური პირები ბოლო თვეების განმავლობაში აქცენტს აკეთებდნენ, რომ შესაძლოა ვირუსი ჩინეთის გარეთ, მრავალ რეგიონში წარმოიშვა.
Facebook Forum