შეერთებული შტატების სენატი ზუსტად ორადაა გაყოფილი. დემოკრატებს, ისევე როგორც რესპუბლიკელებს, იქ 50-50 სენატორი ჰყავთ. ასეთ დროს, უმრავლესობაში ის პარტია ითვლება, რომელსაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენს. სენატი ასეთი რეალობის წინაშე შემდეგი ორი წელი იქნება.
ორივე პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ კომიტეტებშიც, სადაც კანონპროექტებზე მუშაობის საწყისი ეტაპები მიმდინარეობს, უმრავლესობა დემოკრატებს ექნებათ და თავმჯდომარეებიც დემოკრატები იქნებიან. განცხადება ამის შესახებ დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა სენატორ მიტჩ მაკკონელთან, სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერთან ერთად გააკეთა. რეზოლუციას სენატი დღეს მოგვიანებით დაამტკიცებს.
აქამდე სენატში თითქმის ერთთვიანი გაურკვევლობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდებოდა პარტიების მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეთა სავარძლები. სენატორებმა შეთანხმებას ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში მიაღწიეს.
Facebook Forum