ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის განაჩენი: ვერდიქტი კრემლისთვის?


რუსეთში, ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავებას, მოსკოვის მიმართ დასავლეთში კრიტიკული განცხადებები და მოწოდებები მოჰყვა, რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ის.

მოსამართლე ნატალია რეპნიკოვამ ალექსეი ნავალნის 2 თებერვალს 2014 წელს გამოტანილი 3 ½ წლიანი პირობითი სასჯელი, პატიმრობით შეუცვალა. უკვე მოხდილი ვადის გამოკლებით, ნავალნი, გადაწვეტილების მიხედვით ციხეში 2.8 წელს გაატარებს.

რუსეთში ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას მასობრივი საპროტესტო გამოვლები მოჰყვა. დააკავეს ასობით დემონსტრანტი.

ვაშინგტონმა რუსეთს ნავალნის და აქციებზე დაკავებულების განთავისუფლება მოსთხოვა. ხოლო გერმანიამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება გამორიცხული არ არის.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა კი თქვა, რომ ნავალნის 2014 წლის განაჩენი, „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2017 წელს უკვე ერთხმად მიიჩნია სუბიექტურ, უსამართლოდ და დაუსაბუთებლად“.

31 იანვრის აქცია მოსკოვში
31 იანვრის აქცია მოსკოვში

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის განაჩენით“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ. მან მოუწადა რუსეთს გაათავისუფლოს მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, მათ შორის 1400 მეტი ადამიანი, რომლებიც 2 თებერვალს დააკავეს.

ნავალნი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური ფიგურაა. წლების განმავლობაში ის სოციალურ მედიას იყენებდა, რათა ესაუბრა რუსეთის ელიტის კორუმპირებულობაზე და ამ კორუფციის შედეგებზე, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.

შედეგად, მიმომხილველები ამბობენ, რომ ნავალნი კრემლისთვის, პოტენციურ საფრთხედ იქცა და რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ის გამოიყენოს, როგორც მაგალითი სხვებისთვის.

პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა „ნავალნიმ და სხვებმა გააანალიზონ, რომ მათ მთელი ცხოვრების ციხეში გატარება ემუქებათ“, - ამბობს ტატიანა სტანოვაია, კვლევით ინსტიტუტის „არ-პოლიტიკის“ დამფუძნებელი, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

მან დამოუკიდებელ მედიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს მიმართა და თქვა, რომ კრემლი სავარაუდოდ ზეწოლას გაზრდის, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საპროტესტო ტალღა იზრდება.

კრემლი უკვე ახორციელებდა ზეწოლას ოპოზიციასა და ადამიანის უფლებების დამცველ ჯგუფებზე რეპერსიული კანონებით, რომელსაც რუსეთის პარლამენტი ერთხმად იღებდა.

3 თებერვალს, კრემლმა განაცხადა, რომ პოლიცია სწორად მოიქცა, როცა პროტესტის დასაშლელად მკაცრი მეთოდები გამოიყენა. რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ არასანქცირებული დემონსტრაციები დაუშვებელია.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ნავალნის მოკავშირეების მოწოდება, რუსეთის მოქალაქეებისადმი, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ, პროვოკაცია იყო.

ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დასავლეთს ბრალი დასდო, რომ ნავალნის სასამართლთო გადაწვეტილებაზე რეაგირებისას „ზედმეტი მოუვიდათ“. მან ასევე აღნიშნა, რომ დემონსტაციების დარეგულირების წესები დასავლეთში უფრო მკაცრია ვიდრე რუსეთში.

„ისტერია, რომელიც ისმოდა, ნავალნის საქმეზე სასამართლო პროცესის გარშემო ზედმეტი იყო“,- ციტირებს მას "რადიო თავისუფლება" გამოცემა "ტასზე" დაყრდნობით.

კრემლის კრიტიკოსმა და დუმის ყოფილმა წევრმა, ვლადიმირ რიჟკოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დაკავება, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების რუსეთიდან ემიგრირების ახალ ტალღას გამოიწვევს.

ნავალნი 17 იანვარს, რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. ის ბერლინიდან მოსკოვში მიფრინავდა. მისი თვითმფრინავი ჯერ განსაზღვრულისგან განსხვავებით, სხვა აეროპორტში დასვეს და არა იქ სადაც მას მხადამჭერები ელოდნენ, ხოლო მოგვიანებით ის საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. გერმანიაში ნავალნი საბჭოთა კავშირში შექმნილი, ნერვულ აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის რუსეთიდან ბერლინში კომაში მყოფი გადაიყვანეს. ნავალნი მოწამვლაში ბრალს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დებს.

რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახური ნავალნის პირობითი სასჯელის წესების დარღვევას, ქვეყნის დატოვებას და საპატიმროში არგამოცხადებას ედავება. ნავალნის პირობითი სასჯელი 2014 წელს, ფინანსების გაფლანგვის საქმეში მიუსაჯეს, რომელსაც როგორც სტრასბურგის სასამართლო, ისე ნავალნის გუნდი, დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

სიტყვა პროცესზე

სასამართლო პროცესზე გამოსვლისას, 2 თებერვალს, ნავალნიმ პუტინზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ სასამართლო პროცესით კრემლი ცდილობს, ყველას შეშინებას, ვინც მათ წინ აღუდგება.

„ამ პროცესში მთავარი ის არაა, თუ რა მომივა მე. ჩემი დაჭერა რთული არაა“, - უთხრა მან სასამართლოს.

„მთავარი ისაა, თუ რატომ ხდება ეს. ეს ხდება ხალხის დიდი რაოდენობის დასაშინებლად. ერთ ადამიანს აკავებენ, რომ მილიონები შეაშინონ“, - თქვა ნავალნიმ სასამართლოს კაბინიდან.

ნავალნის მხარდამჭერები, უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო გამოსვლებს მართავენ. პირველი აქცია 23 იანვარს, ხოლო მეორე 31 იანვარს გაიმართა. ეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. დემონსტრანტები რუსეთის 100 ქალაქზე გამოვიდნენ ქუჩაში. პოლიციამ აქციების 10,000 მონაწილე მაინც დააკავა.

კრემლის მიერ ნავალნის დაკავება იმ ფონზე ხდება, როცა ქვეყანა სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. პუტინი პარლამენტს, მისი „ერთიანი რუსეთის“ პარტიის უმრავლესობით აკონტროლებს. ხოლო პარლამენტი უბრალოდ ბეჭდავს კრემლის სასურველ კანონმდებლობას.

თუმცა, ეკონომიკური ვარდნის და ხელფასების შემცირების კვალდაკვალ, პარტიის რეიტინგი ეცემა. ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდი იმედოვნებს, რომ მოახერხებს პარლამენტის კონტროლის ჩამორთმევას მმართველი პარტიისთვის, მისი მხარდაჭერებისთვის იმის მოწოდებით, რომ უარი უთხრან კრემლის პარტიის კანდიდატებს ბიულეტენებზე.

„პუტინს სჭირდება ნავალნი საპატიმროში, რუსეთის შემდეგი არჩევნების რაუნდამდე. ეს ცხადია. მას ნავალნის ეშინია“, - ამბობს "ტვიტერზე" მაიკლ მაკფოლი, რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი.

პოლიცია რუსეთში დემონსტრაციას არბევს
პოლიცია რუსეთში დემონსტრაციას არბევს

სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, ნავალნის გუნდმა, საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა. თუმცა საპასუხოდ მთავრობამ მოსკოვში დიდი რაოდენობით პოლიცია განათავსა და ბევრი ქუჩა გადაკეტა, მათ შორის სასამართლო კომპლექსის გარშემო.

დასავლეთის კრიტიკა

2 თებერვლის სასამართლო განაჩენს, დასავლეთში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, კანადამ და ევროკავშირმა განცხადებები გააკეთეს და სასამართლოს გადაწვეტილება დაგმეს.

დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების სია, ნავალნის საქმის გარდა გრძელია. მათ შორისაა არჩევნებში ჩარევა, ჰაკერული თავდასხმები და ქიმიური იარაღის გამოყენება.

ნავალნის დაკავებამ შესაძლოა, დასავლეთში კრემლის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღება განაპირობოს. განსაკუთებით, მაშინ, როცა ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციაა, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთსა და მსოფლიოში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია“ ნავალნის დაკავებით და რუსეთს მოუწოდა, აქტივისტის და „ასობით სხვა რუსეთის მოქალაქის, რომლებიც თავიანთი უფლებებით სარგებლობისას უკანონოდ დააკავეს“, გათავისუფლებისკენ.

მან თქვა, რომ ვაშინგტონი და მისი დასავლელი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ, თუ რუსეთი აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, არ შეასრულებს.

„მაშინაც კი, როცა რუსეთთან ვმუშაობთ, ამერიკის ინტერესების წინ წასაწევად, ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლოს ვითანამშრომლებთ, რათა რუსეთმა პასუხი აგოს, მისი მოქალაქეების უფლებების დაცვის უგულვებელყოფაზე“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, ჯოსეფ ბორელი კი მოსკოვს 4-6 თებერვალს ესტუმრება, რათა რუსეთის ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს. ნავალნის მოწამვლა და განაჩენი, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

სტატია თავდაპირველად, რადიო თავისუფლების ინგლისურენოვანი რედაქციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG