ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში სასამართლოს ტიპის მოსმენის ჩატარებას მხოლოდ 5 რესპუბლიკელი ემხრობა


სენატის წევრებმა სამშაბათს 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლოს ტიპის პროცედურის ჩატარებას მხარი დაუჭირეს. სენატში, ამ პროცესის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, წააქეზა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალადობა და კაპიტოლიუმზე თავდასხმა 6 იანვარს.

სასამართლოს ტიპის მოსმენების გამართვას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, 45-მა კი მას მხარი არ დაუჭირა. ეს ნიშნავს, რომ 50 დემოკრატს მხოლოდ 5 რესპუბლიკელი შეუერთდა. ამასთან, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას სენატის არა უბრალო უმრავლესობა, არამედ ხმათა 2/3-ია საჭირო. შესაბამისად, დონალდ ტრამპის ბრალეულობის სულ მცირე 17 რესპუბლიკელ სენატორს უნდა სჯეროდეს იმისთვის, რომ ის გაამტყუნონ. იმპიჩმენტის სასამართლოს ტიპის მოსმენები 9 თებერვლიდან დაიწყება.

დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერი, რენდ პოლი, სენატორი კენტუკის შტატიდან ამ სასამართლოს არაკონსტიტუციურს უწოდებს. მისი თქმით, სენატმა არ უნდა ჩაატაროს სასამართლოს ტიპის მოსმენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ამჟამად კერძო პირია და სახელმწიფო თანამდებობას არ უკავია.

100-ივე სენატორმა ამ მოსმენებში მონაწილეობისთვის ფიცი უკვე დადო, როგორც მსაჯულმა. თუკი დონალდ ტრამპს ძალადობის წაქეზებაში დამნაშავედ სენატის 2/3 ცნობს, ამის შემდეგ, უბრალო უმრავლესობით შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპს ყველა საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალოს.

გასულ წელს დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ერთხელ უკვე გამოუცხადა. თუმცა რესპუბლიკელების მიერ მართულ სენატში ის გაამართლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG