ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მერკმა" ვაქცინის გამოცდა შეწყვიტა


"მერკმა", მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, კოვიდ-19-ის ორ ვაქცინაზე მუშაობა შეწყვიტა. ის კოვიდ-19-ის ვაქცინებზე მუშაობაში შედარებით გვიან, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსებით ჩაერთო. ვაქცინების განვითარების შეწყვეტის მიზეზად, კლინიკური გამოცდის პირველი ფაზის შემდეგ, არასაკმარისი ეფექტურობა სახელდება.

"მერკის" დღევანდელი განცხადება პანდემიასთან გლობალურ ბრძოლაში სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს, ვინაიდან მის ორ ვაქცინაზე ბევრი სახელმწიფო დიდ იმედებს ამყარებდა. ამას გარდა, დაახლოებით ერთი თვის წინ, კიდევ ორმა ცნობილმა კომპანიამ "სანოფიმ" და "გლაქსოსმითკლაინმა" გამოაცხადეს, რომ ვაქცინების განვითარებაში არსებული გამოწვევების გამო, მათ გამოშვებას აყოვნებენ.

"მერკი" აცხადებს, რომ ვაქცინების განვითარების ნაცვლად, პანდემიის კვლევით ნაწილში, მეტ ყურადღებას გაამახვილებს მკურნალობის მეთოდების მიმართულებაზე. ექსპერიმენტულ მედიკამენტებზე მიმდინარე "მერკის" კვლევების პირველად შედეგებს, მარტში ელოდებიან. მათი დასახელებაა MK-7110 და MK-4482, ასევე - "მოლნუპირავირი". კვლევა ამ ორალურ მედიკამენტებზე მიმდინარეობს როგორც საავადმყოფოებში, ისე პაციენტების შინ ყოფნის პირობებში.

პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი "ფაიზერის" და "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინებით.

ამ კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინებით აცრა უკვე ათობით მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. მალე ვაქცინაციის გლობალურ პროცესში დასავლეთის კიდევ ორი კომპანიის ჩართვას მოელიან. ესენია "ასტრაზენეკა" და "ჯონსონი და ჯონსონი", რომელთა კოვიდ-19-ის ვაქცინების გამოცდაც ასევე წარმატებით გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG