ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის მუხლებს წარმომადგენელთა პალატა სენატს დღეს გადასცემს


ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ხელს აწერს იმპიჩმენტის დოკუმენტს. 13 იანვარი, 2021
ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ხელს აწერს იმპიჩმენტის დოკუმენტს. 13 იანვარი, 2021

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა დღეს სენატს ოფიციალურად წარუდგენს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ორ მუხლს. თუმცა, სენატში იმპიჩმენტის განხილვა დღესვე არ დაიწყება, პროცესი 8 თებერვლისთვის გადავადდა.

ექსპრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, მაგრამ იმპიჩმენტის სენატში დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპს დანაშაული დაუმტკიცდება. ამის შემდეგ კი, სენატს მიეცემა საშუალება, მას მომავალში ნებისმიერი საჯარო პოსტის დაკავება აუკრძალოს.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ამბოხების წახალისება ედება ბრალად. ტრამპმა პოსტი ისე დატოვა, რომ არჩევნებში დამარცხება არცერთხელ არ აღიარა და 6 იანვარს, თეთრ სახლთან შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს კაპიტოლიუმისკენ დაძვრისკენ მოუწოდა. ამ დროს იქ კონგრესის გაერთიანებული სხდომა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა.

აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, სხდომა ჩაშალეს და იქ მყოფ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საფრთხე შეუქმნეს. 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელი. არიან დაშავებულები, ასობით ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს კანონმორჩილებისკენ მხოლოდ შტურმის შემდეგ მოუწოდა.

დემოკრატები და რესპუბლიკელები გასულ კვირაში პროცესის მოკლე დროით გადავადებაზე შეთანხმდნენ. მიზეზად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების გადაუდებელი საჭიროება სახელდება. ამას გარდა, როგორც პროკურორებს, ისე დაცვის მხარეს, მოსამზადებლად მეტი დრო ესაჭიროებათ.

ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის დამტკიცებას სენატის 2/3-ის მხარდაჭერა დასჭირდება. სენატში ძალთა ბალანსი ამჟამად ზუსტად შუაზეა გაყოფილი, 50 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი სენატორით.

დემოკრატებს იმპიჩმენტისთვის 17 რესპუბლიკელის ხმა დასჭირდებათ, იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატი სენატორები იმპიჩმენტს ერთხმად დაუჭერენ მხარს. ამის შემდეგ გაიმართება ტრამპის ფედერალური სამსახურისგან დაბლოკვის პროცესი, რომლის დამტკიცება სენატორთა უბრალო უმრავლესობით მოხდება.

დონალდ ტრამპი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის 245-წლიან ისტორიაში წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ პირველი იმპიჩმენტი მას 2019 წელს გამოუცხადა. მაშინ პრეზიდენტ ტრამპს კანონმდებლები ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ტრამპი უკრაინის მთავრობას მისი ოპონენტი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატების გადაცემას სთხოვდა. თუმცა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში ტრამპს ბრალდება არ დაუმტკიცდა და პრეზიდენტი პოსტზე დარჩა.

სენატში უმრავლესობა ახლა დემოკრატებს აქვთ. ძალთა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ეკუთვნის, რომელიც ასევე დემოკრატია. სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი დღეს ჩაკ შუმერია. მან კვირას იმპიჩმენტის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთადერთი გზა ჭრილობების მოშუშებისთვის, "რეალური ანგარიშვალდებულებაა, რომლის საშუალებაც ამ პროცესს აქვს".

6 იანვარს მომხდარი ძალადობა ბევრმა რესპუბლიკელმა სენატორმა დაგმო. მათ შორის სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელიც არის, რომელიც ამბობს, რომ მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ამბოხება წაახალისა.

თუმცა, არიან მოწინააღმდეგეებიც. სენატორ მარკო რუბიოს თქმით, ის ფიქრობს, რომ ტრამპს "მომხდარში გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება", მაგრამ სენატში იმპიჩმენტის დაწყების წინააღმდეგია. "ეს პოლიტიკური პროცესია და ნავთს დაასხამს იმ დაპირისპირებებს, რომელმაც ქვეყნის პარალიზება გამოიწვია" - აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG