დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მარტინ ლუთერ კინგის დღე აღინიშნება. მისი გამორჩეული დამსახურებისა და სამოქალაქო უფლებათა დაცვისთვის ბრძოლის ისტორიული მნიშვნელობის გამო, ამერიკაში იანვრის მესამე ორშაბათი ფედერალური დღესასწაული და დასვენების დღეა.
კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა. ყველაზე დიდი ყურადღება მან პირველად 1955 წელს მიიქცია, როცა მისი ლიდერობით ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი ბოიკოტი გამოცხადდა. კინგი მოგვიანებით ამერიკაში ის შავკანიანი ამერიკელებისთვის თანასწორობისა და უფლებების მოთხოვნით არაძალადობრივი პროტესტისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ლიდერი იყო.
1963 წლის 28 აგვისტოს მან ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს სიტყვით მიმართა. ისტორიული სიტყვა „ მე მაქვს ოცნება“ და ეს მსვლელობა ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მოქალაქეები თანასწორ უფლებებსა და სამუშაო ადგილებს ითხოვდნენ. ქვეყანაში კი კვლავ გრძელდებოდა რასისტული ნიშნით ჩაგვრა და აფრო-ამერიკელთა მიმართ დისკრიმინაციული კანონები მოქმედებდა.
"მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს. ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს", - ამბობდა მარტინ ლუთერ კინგი დემონსტრაციაზე, რომელსაც ისტორიკოსები ახასიათებენ, როგორც ყველაზე მშვიდობიან და წარმატებულ მსვლელობას, რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა.
დემონსტრაციის შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერები პრეზიდენტმა კენედიმ თეთრ სახლში მიიწვია. კენედიმ მათ უთხრა, რომ კმაყოფილი იყო აქციით, შემდეგ კი კინგს მიმართა და უთხრა, რომ მისი ოცნება ასრულდებოდა.
1964 წელს კინგს ნობელის პრემია მიენიჭა. სწორედ იმ წელს, როცა ხელი მოეწერა კონონს არა მარტო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულების შესახებ, არამედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით.
1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მარტინ ლუთერ კინგს ერთ-ერთ სასტუმროში აივანზე ესროლეს. კინგი მემფისში 3 აპრილს ჩავიდა, რათა დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშებისთვის დაეჭირა მხარი. ის სასტუმრო „ლორენში“ დაბინავდა, მეორე საღამოს, სანამ კინგი ადგილობრივ მღვდელთან სადილზე შეხვედრაზე წავიდოდა, აივანზე გავიდა. 18:01-ზე კინგს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი კინგი წმ. ჯოზეფის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ საათში საავადმყოფომ განაცხადა, რომ მარტინ ლუთერ კინგი გარდაიცვალა. ამერიკის 100-ზე მეტ ქალაქში გამოსვლები დაიწყო. პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კინგის დაკრძალვას 50 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მკვლელობის გამოძიება მალევე დაიწყო. ეს გამოძიება სახელმწიფოს $2 მილიონზე მეტი დაუჯდა. საგამოძიებო მოქმედებებში 3, 500-მდე გამომძიებელი მონაწილეობდა.
გამომძიებლების ეჭვმიტანილი ჯეიმს ერლ რეი იყო - მოქალაქე, რომლის თითის ანაბეჭდიც დანაშაულის ადგილზე, ერთ-ერთ იარაღზე იპოვეს. ის შეიარაღებული ძარცვის გამო იყო მსჯავრდებული, მაგრამ კინგის მკვლელობის წინა წელს, მისურის შტატის ციხიდან გაქცევა მოახერხა. ერლ რეიმ ჯორჯ სნეიდის სახელზე გაცემული, კანადის მოქალაქის პასპორტით ტორონტოდან ლონდონამდე თვითმფრინავის ბილეთი იყიდა. 8 ივნისს რეი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დააკავეს, როცა ის ბრიუსელში გასაფრენი ბილეთის ყიდვას ცდილობდა. მოგვიანებით ერლ რეი ამერიკას გადასცეს.
1969 წლის მარტში, მკვლელობიდან თითქმის 1 წლის შემდეგ რეიმ აღიარა, რომ მარტინ ლუთერ კინგი მოკლა. მას 99-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 3 დღის შემდეგ, მან საკუთარი აღიარებითი ჩვენება უარყო და თქვა, რომ დანაშაულის აღიარება აიძულეს. ამის შემდეგ რეი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო.
1978 წელს რეის წარმომადგენელთა პალატის პოლიტიკური მკვლელობების კომიტეტშიც მოუსმინეს. კომიტეტმა მოგვიანებით დაასკვნა, რომ ის მარტო მოქმედებდა. თუმცა, კონგრესის კომიტეტი ასევე ასკვნიდა, რომ არსებობს შეთქმულების არაპირდაპირი სამხილი.
1993 წელს მემფისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის ყოფილმა მფლობელმა ლოიდ ჯოიერსმა თქვა, რომ მაფიის წევრებმა მას მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის დაგეგმვისთვის $100 000 გადაუხადეს. ჯოიერსის თქმით, მან ფული კინგის მოსაკლავად მუშას, ფრენკ ჰოლტს გადაუხადა. ამ დღიდან 5 წლის, დაპატიმრებიდან კი თითქმის 30 წლის შემდეგ ერლ რეი ციხეში თირკმლის და ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
1999 წელს კინგების ოჯახმა, რომლის წევრებიც ფიქრობენ, რომ ერლ რეი უდანაშაულო იყო, ლოიდ ჯოიერსს უჩივლეს. 2000 წელს ამერიკის გენერალურმა პროკურორმა საქმის გამოძიება თავიდან გახსნა, თუმცა შეთქმულების მტკიცებულებები ვეღარ იპოვეს.
Facebook Forum