ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდსიტუაცია მსოფლიოში - მშრალი ფაქტები


კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ორშაბათს, 90 მილიონს გადააჭარბა. მექსიკამ, საფრანგეთმა და რუსეთმა დაადასტურეს კორონავირუსის იმ ახალი ვარიაციის შემთხვევები, რომელიც პირველად ბრიტანეთში იპოვეს. კვლევები ადასტურებს, რომ ეს ვარიაცია გაცილებით სწრაფად ვრცელდება. ამასთან, ჩინეთში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა, ბოლო 5 თვის განმავლობაში, უპრეცედენტოდ მაღალია.

ევროპა

* ბრიტანეთი ვაქცინების დისტრიბუციას აჩქარებს. ქვეყნის წამყვანი ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა ყველაზე უარესი იქნება, როგორც ინფიცირების, ისე სიკვდილობის მაჩვენებლებით.

* ბრიტანეთის სუპერმარკეტებში კოვიდ-19-ის გავრცელების გაზრდილ შანსზე საუბრობენ. მყიდველები ნიღბის ტარების რეგულაციას ხშირად არღვევენ.

* ესპანეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულად დიდი თოვლი მოვიდა. მთავრობა დაზარალებულ რეგიონებში კოვიდ-19-ის ვაქცინებით და საკვებით დატვირთულ კოლონებს აგზავნის.

* ათასობით ადამიანი შეიკრიბა კვირას ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ცენტრში. ჩეხები მთავრობისგან პანდემიის გამო დაწესებული, მკაცრი რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.

აზია-წყნარი ოკეანეთი

* ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ჩინეთში 14 იანვარს დაუშვებენ - ასეთია პეკინის ბოლო განცხადება. ჩინეთი უკვე რამდენიმე თვეა ჯანმოს გამომძიებლების ჩასვლას აჭიანურებს, რომელთაც ვუჰანში პანდემიის დაწყების მიზეზების შესწავლა სურთ.

* იაპონიის ჯანდაცვა აცხადებს, რომ მათ კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიაცია იპოვეს. ის ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი ვარიაციისგან განსხვავდება. ვირუსის ახალი ვარიაცია ბრაზილიიდან ჩასულ 4 მოგზაურს ჰქონდა.

* ჩინეთი აგრძელებს ბრიტანეთიდან და ვიეტნამიდან ფრენების აკრძალვას. პეკინი ასევე აცხადებს, რომ შიდა ფრენებსაც შეზღუდავს, რათა შემცირდეს მოგზაურობა ჩინური ახალი წლის პერიოდში, რომელიც დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში აღინიშნება.

* ფილიპინები ჩინეთისგან კოვიდ-19-ის ვაქცინის 25 მილიონი დოზის მიღებაზე წინასწარ შეთანხმდა. ვაქცინას ჩინური კომპანია "სინოვაკ ბიოტექი" აწარმოებს. პირველი 50 000 ამპულა ფილიპინებში თებერვალში ჩავა.

* ინდონეზიამ ჩინური კომპანიის "სინოვაკ ბიოტექის" ვაქცინის გამოყენება საგანგებო წესით დაამტკიცა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა

* ბრაზილიაში კოვიდ-19-ით დღეში საშუალოდ 1 111 ადამიანი იღუპება. აგვისტოში ეს მაჩვენებელი ათასს არ აღემატებოდა.

* შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ დააჩქარებს ვაქცინის დოზების შტატებში დისტრიბუციას. ამ კვირაში ის ახალ გეგმას წარმოადგენს, რომელიც ტრილიონობით დოლარი დაჯდება.

* ტეხასის შტატი ამბობს, რომ ვაქცინათა მარაგის ნახევარს მხოლოდ 28 ჯანდაცვის პუნქტში გაანაწილებს. თუმცა, სამომავლოდ, ამერიკის ამ შტატში დისტრიბუციის დაჩქარება იგეგმება.

ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა

* სეიშელის კუნძულებზე ვაქცინაცია დაიწყო. პრეზიდენტ უაველ რამკალავანის თქმით, მათ ჩინური ვაქცინა შეისყიდეს, რომელსაც კომპანია "სინოფარმი" აწარმოებს.

* ალჟირი პირველი აფრიკული ქვეყანაა, სადაც გამოყენებისთვის რუსული "სპუტნიკ V" ვაქცინა დაარეგისტრირეს.

* პალესტინელები აცხადებენ, რომ პირველ ვაქცინებს მარტში ელოდებიან. მათ შეთანხმებას ბრიტანულ კომპანია "ასტრაზენეკასთან" მიაღწიეს.

* ისრაელი, ვაქცინაციის კამპანიის ინტენსივობით, ჯერჯერობით კვლავ მსოფლიოს ლიდერია. ერთ სულ მოსახლეზე იქ კვირას, ისევ ყველაზე მეტი ადამიანი იყო აცრილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG