ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დემოკრატიამ გაიმარჯვა,"- ჯო ბაიდენი


მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ამერიკის საარჩევნო კოლეგიამ ოფიციალურად სცნო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მან განცხადება გააკეთა. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ "დემოკრატიამ გაიმარჯვა". ჯო ბაიდენმა მოსახლეობას რამდენიმე წუთის წინ დელავერის შტატიდან მიმართა.

​"ამერიკის სულისთვის ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ჩვენმა ხალხმა მისცა ხმა და გააკეთა არჩევანი. ჩვენი ინსტიტუტების რწმენა გამართლდა. არჩევნების შედეგების მთლიანობა უცვლელი დარჩა. ახლა, დროა ჩვენი ერთობის, ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს,"- თქვა რამდენიმე წუთის წინ ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის და მისი საარჩევნო გუნდის ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სარჩელები და მოთხოვნები არჩევნების შედეგების ცვლილებების შესახებ სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.

"2 სარჩელზე, რომელიც მათ მხოლოდ ამერიკის უზენაეს სასამართლოში წარადგინეს, უარი მიიღეს. ასეთივე გადაწყეტილებები მიიღეს სხვადასხვა შტატის სასამართლოებმა. ასეთი ფაქტის მომსწრენი არასდროს ვყოფილვართ,"- ამბობს ჯო ბაიდენი.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურად გამარჯვებულად საარჩევნო კოლეგიამ დღეს საღამოს გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა ოფიციალური მონაცემებით საარჩევნო კოლეგიის 306-ი, ხოლო დონალდ ტრამპმა 232-ი ხმა მოიპოვა. არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 270-ხმაზე მეტი სჭირდება.

ჯო ბაიდენმა სიტყვის ბოლოს საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ერთად ამერიკა შეძლებს დაიბრუნოს პოზიციები, რომელიც დაკარგა. "სიბნელეს გავანათებთ. ჩვენ ვართ დიდებული ქვეყანა. მე ყველა პრეზიდენტი ვიქნები. მადლობა ღმერთს, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ჯარისკაცები,"- თქვა ჯო ბაიდენმა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG