საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ. ნიკოლა სარკოზის ბრალი მოსამართლის იმ მიზნით მოქრთამვის მცდელობაში ედება, რომ 2007 წლის მისი საპრეზიდენტო კამპანიის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა. სარკოზი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
იურისტი ჟან-კლოდ ბოჟური "ამერიკის ხმასთან" საუბარში განმარტავს, რომ პრეზიდენტის სასამართლოში წარდგომა და ადვოკატებთან ერთად სხდომაზე თავის დაცვა უჩვეულო სცენაა. "ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სდებენ, რომ ის მაღალი რანგის მოსამართლის მოქრთამვას ცდილობდა, რათა მის შესახებვე მიმდინარე სასამართლო საქმეზე ინფორმაცია მოეპოვებინა".
"პროკურორები ამბობენ, რომ სარკოზიმ მოსამართლეს ინფორმაციის სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. მაშინ საქმე კომპანია "ლორეალის" წარმომადგენლისგან მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხებოდა. სარკოზი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებებს.
საქმე სატელეფონო ჩანაწერებს ეფუძნება, რომლებზეც სარკოზისა და მისი ადვოკატის საუბარია ჩაწერილი. ეს ჩანაწერები სხვა გამოძიების ნაწილიცაა, რომელიც სარკოზის კამპანიისა და სავარაუდოდ ლიბიური დაფინანსების საკითხს ეხება.
მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სარკოზი, რომელიც პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით იყო, თავად ჩანაწერების კანონიერებასაც ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ადვოკატისა და კლიენტის საუბარი დაცული და კონფიდენციალური უნდა იყოს.
სასამართლო სავარაუდოდ 3 კვირა უნდა გაგრძელდეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სარკოზის შესაძლოა 10-წლიანი პატიმრობა და 1.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაემუქროს.
Facebook Forum