ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური პირების ცნობით, ჯორჯიის და უინსკონსინის შტატებში გადათვლა შედეგებს დიდი ალბათობით არ შეცვლის


უკვე რამდენიმე დღეა ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს და პროცესი შეიძლება დღესვე დასრულდეს. ხმის დათვლისთვის ვადა შტატში პარასკევს იწურება. თუმცა, ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შტატში გამარჯვებულად შესაძლოა კვლავ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარჩეს რადგან ხმის დათვლის პროცესში ისინი რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდებიან. პირველადი შედეგებით, ჯორჯიაში ჯო ბაიდენი დაახლოებით 14 000 ხმით ლიდერობდა.

ჯორჯიის შტატი ერთ-ერთია იმ შტატებიდან, სადაც ტრამპის საარჩევნო კამპანია შედეგებს ასაჩივრებს და ხმების გადათვლას ითხოვს. მეტიც, მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო გუნდი თვლის, რომ შედეგების დათვლის დროს თაღლითობას ჰქონდა ადგილი, რასაც შტატის რესპუბლიკელი ლიდერები და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

ხმის მიცემის სისტემის მენეჯერმა გაბრიელ სტერლინგმა თქვა, რომ ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრების ბრალდებებს ხმების გადათვლით მიღებული შედეგი გასცემდა პასუხს.

შედეგის შეცვლას არც უინსკონსინში ელოდებიან , სადაც აცხადებენ, რომ ტრამპის კამპანიის მიერ მოთხოვნილი ნაწილობრივი გადათვლის პროცესი შტატში გამრჯვებულის შეცვლისთვის საკმარისი არ იქნება. ვინსკონსინშიც ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტის საარჩევნო გუნდის მიერ დაწერილი საჩივრებიდან, მხოლოდ მცირე ნაწილს მიეცა მსვლელობა პენსილვანიაში, ნევადასა და მიჩიგანში წარმოებულ სასამართლო სხდომებზე. საჩივრების უმეტესობაზე ადგილობრივმა, თუ ფედერალურმა სასამართლოებმა უარი თქვეს და საქმეები დახურეს.

თუმცა, რამდენად ექნება გავლენა ამას საბოლოო შედეგზე ჯერ უცნობია. თავად პრეზიდენტ ტრამპს ოფიციალური პირები "დეზინფორმაციის" გავრცელებაში ადანაშაულებენ. მეტიც, არიზონის შტატის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა დემოკრატმა ქეთი ჰობსმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები ძალადობის ესკალაციას იწვევს და აჩენს უნდობლობის განწყობას საზოგადოებაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

სააგენტო "როიტერის" და "იფსოსის" კვლევების მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპის განცადებები არჩევნების გაყალბების შესახებ, ნაწილობრივ მიზანს აღწევს. მათი რესპუბლიკელი ამომრჩევლების ნახევარს სჯერა. დონალდ ტრამპის საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ თუ ჯორჯიის შტატში შედეგები შეიცვლება, ჯო ბაიდენის გამარჯვება არჩევნებში სათუო გახდება, თუმცა როგორც შტატის ოფიციალური პირები ამბობენ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG