ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებს, ხელისუფლება კი დესტრუქციაზე საუბრობს 


მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა, მის მიერ გაჟღერებული გზავნილები როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ, საზოგადოებას სხვადასხვანაირად მიაწოდეს. ხელისუფლება ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებაზე საუბრობს, ოპოზიცია კი პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს აცხადებს. ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა თბილისში მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია გამართული შეხვედრების შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისთვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში. ეს ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, რომ გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ,"- ამბობს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გავრცელებულ ვიდეომასალაში.

კელი დეგნანი ამავე ვიდეოში პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქთან და არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრების შესახებ საუბრობს. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არ შეხვედრია, ვიზიტის დასრულების შემდეგ 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ფილიპ რიკერი შეხვდა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში რეგიონის საკითხებზე მუშაობს.

სახელმწიფო მდივან პომპეოს 18 საათი თბილისში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

ოპოზიცია როგორც ამბობს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა მათ პარლამენტში შესვლისკენ და ბრძოლის იქიდან გაგრძელებისკენ მოუწოდა, თუმცა რვავე პარტია ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს და განმარტავს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს.

"ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა - პარლამენტის,"- ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი დიპლომატი სერგი კაპანაძე. მეტიც, ის იქვე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარება არ მოხდება.

ნიქსი: დრო იწურება, იმედია მხარეები კომპრომისს მიაღწევენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:57 0:00

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დროს, საარჩევნო უბნებთან ე.წ. "სირცხვილის კოლიდორების" მოწყობას გეგმავდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. თუმცა, პარტია დღეს განმარტავს, რომ გადაიფიქრეს და აქვე მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს არ მივიდნენ არჩევნებზე.

„მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე. ჩვენ გესაუბრებით პარტიის, ჩვენი ბლოკის, მეორე ტურში გადასული მაჟორიტარების სახელით, მინდა მოვუწოდო ყველას, პარტიის და მათ შორის, ისნის ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოართვა მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება. არ მივიდნენ, თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, დავწერეთ ყველამ განცხადებები, ამიტომ არ მიბრძანდეთ ჩვენო ამომრჩევლებო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს,"- თქვა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ და აქვე აღნიშნა, რომ პარტია ბოიკოტს უცხადებს მეათე მოწვევის პარლამენტს და აქიების გაგრძელებას გეგმავს.

დილით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ თითოეული პოლიტიკური გაერთიანება და თითოეული დეპუტატი იაზრებს პასუხისმგებლობას და ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს და იმ პასუხისმგებლობას ეკადრება.

"გახარიას არანაირად არ ეხება, ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში,"- უპასუხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს "ევროპული საქართველოდან. გიგი უგულავამ აქვე თქვა, "არ გაგეყალბებინათ მეგობრებო არჩევნები, არ გეძალადათ, არ გადაგეწერათ ოქმები და ასეთ შემთხვევაში ბატონი გახარია დღეს გადაბარებით იქნებოდა დაკავებული".

"წარსულში დარჩენილები" - ასეთი შეფასება გააკეთა დღეს ქართული ოცნების მთავრობის წევრმა, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიციასთან დაკავშირებით. მინისტრმა თქვა, რომ ოპოზიცია "დესტრუქციულად იქცევა".

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები, გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში. მათ ასეთი საინტერესო მეტაფორაც კი გამოიყენეს, რომ ეს ბოიკოტი ჰგავს უკვე ერთხელ ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას, ანუ ეს ირიბად ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი, ჩარჩენილია წარსულში და საზოგადოებრივი დაკვეთა არის სხვა. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, საპარლამენტო გზა და არა ქუჩა,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს, თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს არ მოხდება. მეტიც, დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა ქართული ოცნებიდან ანრი ოხანაშვილმა თქვა: "ჩვენ, ერთი მხრივ, ზურგს ჩვენი ამომრჩეველი გვიმაგრებს, რომელიც ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, თუ ვის რა ინტერესი აქვს. ასევე ზურგს გვიმაგრებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. სწორედ ამის დასტური იყო საქართველოში პომპეოს ვიზიტი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები და ის განცხადებები, რომელიც ეუთოს, სადამკვირვებლო მისიებისა და აშშ-ს საელჩოს მხრიდან გაკეთდა, რომ ყველა მოემზადოს, ერთი მხრივ, არჩევნების მეორე ტურისთვის და მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლისთვის, რათა იქ მოხდეს პოლიტიკური პაექრობა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG