ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყარაბაღის სამმხრივ შეთანხმებაზე


გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

მთიანი ყარაბაღის თაობაზე დადებულ სამმხრივ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა განცხადებას ავრცელებს. შეთანხმებას გუშინ ხელი მოაწერეს აზერბაიჯანმა, რუსეთმა და სომხეთმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის (საქართველო) დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია: "იმედი მაქვს, შეთანხმების ხელმოწერა შეაჩერებს ომს მთიანი ყარაბაღის რეგიონში და ბოლოს და ბოლოს, დაიცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტის ზონაშია მომწყვდეული". წერეთელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ბოლო კვირების განმავლობაში კონფლიქტში დაღუპული ადამიანების გამო და დასძინა: "როცა იარაღი დადუმდება, მოვუწოდებ მხარეებს დაყოვნების გარეშე მოხდეს ტყვეთა და მიცვალებულთა გაცვლა".

სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ერევანში დემონსტრაციები მოჰყვა. უკმაყოფილო სომხები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

"აღშფოთებული ვარ ძალადობით, რომელიც გუშინ ღამით, აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დაფიქსირდა" - თქვა გიგი წერეთელმა. "ეჭვგარეშეა, რომ ეს სომეხი ხალხისთვის მტკივნეული და ემოციური დღეა, მაგრამ მოვუწოდებ მათ შეინარჩუნონ რწმენა დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტების მიმართ" - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG