შეერთებული შტატების ბევრ ნაწილში და ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვის მკვეთრი ზრდა გრძელდება. ამასთანავე იზრდება ბრაზი შეზღუდვების გამო, რომლებიც მთავრობებმა ამ ტალღის კონტროლის მიზნით დააწესეს.
ოკლაჰომა, ილინოისი, ნიუ-მექსიკო და მიჩიგანი იმ შტატებს შორისაა, სადაც შაბათს, ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების ახალი რეკორდული რიცხვები დაფიქსირდა. მიჩიგანის მთავარმა ექიმმა თქვა, რომ “ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდმე ოდესმე, რომ ადამიანები ამას სერიოზულად მიუდგნენ”. მის შტატში აღრიცხულმა 3338-მა ახალმა შემთხვევამ წინა რეკორდს 1300-ით გაუსწრო.
გერმანიის ხელისუფლებამ ამ უქმეებზე, ერთ დღეში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის შესახებ გამოაცხადა. ესპანეთის და იტალიის ლიდერები კი მსჯელობდნენ თუ როგორ გამკლავებოდნენ ვირუსის ხელმეორე შემოტევას იმ დროს, როდესაც საზოგადოება გადაადგილების შეზღუდვას ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალებების რიცხვმა გლობალურად ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებამ, ნეაპოლში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება გამოიწვია. იტალიური მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს, დამსხვრეულ კერამიკულ ფილებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, პოლიცია კი მათ ცრემლსადენი გაზით პასუხობდა.
საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად ცრემლსადენი და წიწაკის გაზი გამოიყენეს ვარშავაში და ლონდონში.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კვირა დილისთვის მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრას გეგმავდა, რათა ახალი საგანგებო მდგომარეობა მოემზადებინათ.
გერმანიაში კანცლერმა მერკელმა მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა სოციალური კონტაქტები შეზღუდონ.
სხვა ევროპულმა ქვეყნებმა გაამკაცრეს შეზღუდვები იმის იმედით, რომ საკუთარი შემთხვევების რიცხვის ზრდას გაუმკლავდებიან.
სლოვენიაში, პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 2 მილიონს შეადგენს, ინფიცირების და გარდაცვალებების სარეკორდო ზრდის გამო დაიკეტა სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და სხვა არა-ძირითადი მაღაზიები. საბერძნეთმა პირბადის ტარება სავალდებულო გახადა და ათენში და სხვა ადგილებში, რომელიც მაღალი რისკის შემცველად განიხილება, ღამით კომენდანტის საათი ამოქმედდა.
ინფიცირების მზარდი რიცხვი აღინიშნა ასევე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც, კოლუმბიაში, არგენტინაში და ბრაზილიაში, სადაც 5 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.
Facebook Forum