ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, მსიოფლიოში, უკვე მილიონს აჭარბებს. მონაცემებს, ჯონს ჰოპკინის უნივერსიტეტი ავრცელებს. იგივე წყაროთი, მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 33 396 784-ს შეადგენს.
კოვიდ-19 ეს არის დაავადება, რომელსაც კორონავირუსი იწვევს და ის გასული წლის ბოლოს, ჩინეთში, ვუჰანში წარმოიშვა.
გასულ კვირაში, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა ინდოეთში 6 მილიონს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, 7 150 117 ინფიცირების დადასტურებული შემტხვევა ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში გარდაცვალებისა და ინფიცირების რაოდენობა რეალურად, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
მეტი ტესტირება
პრეზიდენტმა ტრამპმა, გუშინ პირობა დადო, რომ დამატებით 150 000 სწრაფ ტესტირებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, მასიური ტესტირება, მოხუცთა უფრო მეტ დაცვას, სკოლების უსაფრთხოდ გახსნას და ეკონომიკის ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 120 მილიონი სწრაფი დიაგნოსტიკის ტესტი იქნება ხელმისაწვდომი.
დასასრული ახლოს არ არის
"ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ, დასასრულიდან" - ეს განცხადება პანდემიის შესახებ, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, რობერტ რედფილდმა, ტელეკომპანია "ენბისისთან" საუბრისას გააკეთა.
რედფილდი კვლავ იმეორებს თავის მტკიცე მოსაზრებას, რომ პირბადის ტარება, შესაძლოა იმდენადვე ეფექტური იყოს, რამდენადაც ვაქცინა.
"ყველამ რომ პირბადე ვატაროთ, პანდემია რვიდან-12 კვირაში დასრულდებოდა" - აცხადებს რედფილდი.
Facebook Forum