ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის


სომხეთ-აზერბაიჯანს შორის უკვე მეორე დღეა სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. დაღუპულია ათობით ადამიანი, არიან დაჭრილებიც.

მხარეები ცეცხლის გახსნის შესახებ ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებენ. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, აზერბაიჯანის "მილი მეჯლისმა" ქვეყანაში ასევე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

"ბოლო პერიოდში, სომხეთის სამხედრო პროვოკაციებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ რეგულარული სახე მიიღო. ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის დროს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება ახლა, - არა რის საიდუმლო და გეტყვით, რომ ცეცხლი პირველი, მათ შორის საარტილერიო ცეცხლი, სომხეთმა გახსნა, რის შედეგადაც აზერბაიჯანელი სამხედროები დაიღუპნენ. აზერბაიჯანმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და მტერს პასუხი დაუბრუნა,"- აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ამ ფონზე, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას რეგიონში ესკალაცია, და ასევე შეუძლებელი უნდა გახადოს თურქეთის ჩართვა კონფლიქტში. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. ამასთან სომხეთში სამხედრო რეზერვში მოხალისეების გამოცხადება დაიწყო. კადრებს სომხეთიდან სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

"მივმართავ ეუთოს, საერთაშორისო საზოგადოებას, ვითარება ძალიან სერიოზულია. ჩვენ დღეს კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ამ კონფლიქტის გაღვივება, შესაძლოა გასცდეს რეგიონის საზღვრებს და საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთის აგრესიული ქცევა, რომელსაც განსაკუთრებით საშიში გამოვლინება ჰქონდა ივლისსში და ეს დღემდე გრძელდება, რაც ჩვენში ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თურქეთის ქმედებებმა შესაძლოა ძალიან მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს ჩვენს რეგიონში. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთობლივი ძალებით შევძლოთ ამ რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა,"- აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

სამხედრო დაპირისპირება ყარაბაღში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:20 0:00

სომხეთის ბრალდებებს ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა, ერდოღანი მოუწოდებს სომხეთს დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორია.

"კიდევ ერთხელ. ვგმობ სომხეთის ქმედებებს რომელიც თავს დაესხა აზერბაიჯანს. თურქეთი გააგრძელებს ძმური ქვეყანის, აზერბაიჯნის მხარდაჭერას. ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ სრული რესურსით და გულით. დროა დასრულდეს კრიზისი რეგიონში, რომელიც დაიწყო მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით. რეგიონში მშვიდობა დაისადგურებს მას შემდეგ, რაც სომხეთი დაუყონებლივ გამოვა აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან,"- თქვა ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო კონფლიქტის სასწრაფო შეჩერებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ მხარეებმა სამხედრო ესკალაცია უნდა შეწყვიტონ და სასწრაფოდ განაახლონ მოლპაარაკებები.

დაპირისპირებულ მხარეებს ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. კრემლში ამბობენ, რომ კონფლიქტი დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით უნდა გადაწყდეს.

"მთიან ყარაბაღში გუშინ ვითარება უკიდურესად გამწვავდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია რუსეთისთვის და მრავალი სხვა ქვეყნისთვის. ესკალაციიდან მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონტაქტზეა როგორც ერევანთან ასევე ბაქოსთან. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და მიგვაჩნია, რომ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს სამხედრო ოპერაციები. საკითხები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით,"- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო ესკალაციის შესახებ განცხადება გააკეთა რომის პაპმა. მან თქვა, რომ კავკასიაში მშვიდობისთვის ლოცულობს.

"შემაშფოთებელი ახალი ამბები ვრცელდება კავკასიიდან. მე ვლოცულობ მშივდობისთვის კავკასიაში და ვთხოვ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეწყვიტონ კონფლიქტის მოგვარება იარაღით და გადადგან ნაბიჯები დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ. ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის კავკასიაში,"- თქვა ვატიკანში რომის პაპმა.

ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. "შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა,"- ამბობენ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG