ამერიკის შეერთებულ შტატებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რუთ ბეიდერ გინსბურგის ხსოვნას, სამი დღის განმავლობაში მიაგებენ პატივს. დღეს და ხვალ, მოსამართლე უზენაესი სასამართლოს შენობაში იქნება დასვენებული, ხოლო პარასკევს მას კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენებენ.
გინსბურგი თანამდებობის პირი პირველი ქალი იქნება, ვისაც კაპიტოლიუმში დაასვენებენ. მანამდე მსგავსი პატივი როზა პარკსს, შავკანიანთა უფლებადამცველს ერგო, თუმცა ის თანამდებობის პირი არ იყო და შენობაში პატივისცემის ნიშნად დაასვენეს.
უზენაესი სასამართლოს შენობაში, მოსამართლე გინსბურგის სკამზე, ტრადიციის მიხედვით, შავი ნაჭერი გადააფარეს და ასე იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში. კორონავირუსის პანდემიის გამო კი კაპიტოლიუმში გადასვენების შემდეგ, სამგლოვიარო ცერემონიას მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თუმცა, ვაშინგტონში სამოქალაქო პანაშვიდები დღეს და ხვალ უზენაეს სასამრთლოში ჩატარდება და ის დღეს, ადგილობრივი დროით, დილის 11 საათიდან, საღამოს 10 საათამდე გაგრძლდება. იგივე განრიგი იქნება ხვალაც.
მოსამართლე გინსბურგთან გამოსამშვიდობებლად მოსახლეობა სხვადასხვა შტატებიდან ჩამოვიდა ამერიკის დედაქალაქში. პანაშვიდზე დასწრების დროს, სავალდებულოა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აკრძალულია ყვავილების, სანთლების და სხვა სუვენირების მიტანა.
მოსამართლე გინსბურგი, ქალთა უფლებების დამცველი, იურისტი, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი იყო და პოპკულტურის ვარსკვლავადაც კი იქცა. ის თავის სახლში, 87 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 27 წელი იმსახურა.
Facebook Forum