ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო დებატების თემები ცნობილია


29 სექტემბრის პირველი საპრეზიდენტო დებატების თემები უკვე ცნობილია. "ფოქს ნიუსის" ჟურნალისტმა და დებატების მოდერატორმა კრის უოლესმა 6 თემა დაასახელა: უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნისას კანდიდატების მიღწევები; უზენაესი სასამართლოს ვაკანტური პოზიცია; კოვიდ-19; ეკონომიკა; რასობრივი და ძალადობის საკითხები ამერიკის ქალაქებში და არჩევნების უსაფრთხოება.

დებატები 29 სექტემბრის საღამოს, ვაშინგტონის დროით 9 საათზე დაიწყება და 90-წუთიანი ეთერის განმავლობაში, კანდიდატებს საშუალება ექნებათ 15-15 წუთი დაუთმონ თითოეულ ამ საკითხს. დებატებისას კომერციული გაჭრა არ იქნება. საკითხები კი შეიძლება მოვლენათა განვითარების პარალელურად შეიცვალოს.

პირველი დებატები ქეის ვესტერნ რეზერვის უნივერსიტეტში და ოჰაიოში, კლივლენდის კლინიკაში ჩატარდება.

ამერიკა პოლიტიკური დებატების მოლოდინშია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00

კოვიდ-19

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ამერიკაში მსოფლიოში კვლავ ყველაზე მეტი ინფიცირებული და ყველაზე მეტი გარდაცვლილია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი 7 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. დონალდ ტრამპი საარჩევნო შეხვედრებზე ვირუსის საშიშროებაზე შემსუბუქებულად საუბრობს, ჯო ბაიდენი კი ამას ერთ-ერთ უმთავრეს წინასაარჩევნო საკითხად აყენებს და რამდენიმე თვის განმავლობაში მთელ ქვეყანაში ნიღბების სავალდებულო ტარებაზე საუბრობს.

ეკონომიკა

ეკონომიკა და უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლები 2020 წლის დასაწყისში პრეზიდენტ ტრამპის გუნდისთვის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად მიიჩნეოდა და წინასაარჩევნო კამპანიისასაც ეს წამყვანი თემა უნდა ყოფილიყო. თუმცა, პანდემიამ ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, ბიზნესების ნაწილი დროებით, ნაწილი კი სამუდამოდ დაიხურა. "ასოშეითედ პრესის" და NORC ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 60 % ახლა ეკონომიკის მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მოსწონს ის, თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ტრამპი ეკონომიკის გამოწვევებს. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის საქმიანობის დადებითი შეფასება და ე.წ. "მოწონების რეიტინგი" 43 %-ის ფარგლებშია.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც გასული კვირის ბოლოს რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა. ტრამპი საკუთარი პრეზიდენტობისას უკვე მესამე ვაკანტური პოზიციის დაკომპლექტებას აპირებს და კანდიდატს შაბათს დაასახელებს. თუმცა, ბაიდენი და დემოკრატი კანონმდებლები რესპუბლიკელ სენატორებს მოცდას ურჩევენ და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ ახლაც, 2016 წლის მსგავსად უნდა იმოქმედოს. მაშინ, ასევე საარჩევნო წელს, ბარაკ ობამას კანდიდატის დამტკიცების პროცედურა სენატმა არ დაიწყო. საბოლოოდ კი მაშინდელი ვაკანტური პოზიცია დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილმა, ახალმა კანდიდატმა შეავსო.

რასობრივი უთანასწორობა, პოლიცია და არეულობა ქალაქებში

რასობრივ საკითხებზე არსებულ დაპირისპირებასა და ამერიკის ამა თუ იმ ქალაქში ბოლოდროინდელ არეულობაზე ორივე კანდიდატის კამპანია აკეთებს აქცენტს, თუმცა განსხვავებულად. დონალდ ტრამპი ძირითადად გმობდა დემონსტრაციებს და ამ თვის დასაწყისში, საბიუჯეტო სამსახურს იმ ქალაქებისთვის დაფინანსების შემცირებისკენაც მოუწოდა, რომლებსაც მისი თქმით, დემოკრატი "სუსტი მერები" ჰყავთ და "ანარქისტებს ადამიანების დაშავების, შენობების დაწვის, ცხოვრებისა და ბიზნესების დანგრების" საშუალებას აძლევენ. ჯო ბაიდენი კი პირიქით, პრეზიდენტს ადანაშაულებს ძალადობის და დაპირისპირების გამწვავებაში.

არჩევნების უსაფრთხოება

დონალდ ტრამპი გამუდმებით ამბობს, რომ ფოსტით მიცემული ხმების მართებულობა საეჭვოა და რომ ვირუსის რისკის გამო, კენჭისყრის ამგვარი პროცედურა სანდო არ არის. სამართალდამცავი და საარჩევნო სისტემების წარმომადგენლები ამ ეჭვების საფუძვლიანობას არ იზიარებენ. დაზვერვის სფეროს წარმომადგენლები არჩევნებში უცხო ქვეყნების - რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ჩარევის მცდელობაზე საუბრობენ.

დაცულია თუ არა ამერიკის არჩევნები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00

ახლანდელი გამოკითხვებით, ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 6-9%-ით უსწრებს. თუმცა, ე.წ მერყევ შტატებში ან იმ შტატებში, რომლებმაც გასულ არჩევნებზე ხმა არატრადიციულად მისცეს, ეს უპირატესობა ძალიან მცირეა. დონალდ ტრამპმა 2016 წელს რამდენიმე ასეთი შტატი სწორედ მცირე განსხვავებით მოიგო და ახლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ შტატებში.

კანდიდატები ამომრჩეველთა გულის მოგებას გამორჩეული ძალისხმევით ცდილობენ არიზონის, ფლორიდის, ჯორჯიის, მიჩიგანის, მინესოტის, ჩრდილოეთ კაროლინის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში. არიზონასა და ჯორჯიაში დემოკრატი კანდიდატისთვის მხარი 1990 წლის შემდეგ არ დაუჭერიათ. მინესოტაში კი რესპუბლიკელი კანდიდატი თითქმის 50 წელია არ აურჩევიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG