ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატებიდან ჯო ბაიდენი ვინსკონსინში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ "სისასტიკის გაპროტესტება აუცილებელია, მაგრამ უბნების გადაწვა პროტესტი არ არის".
ჯო ბაიდენმა ვიდეო მიმართვა საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ინტერნეტში განათავსა. გავრცელებულ ვიდეოში დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ის ვინსკონსინში, კენოშაში პოლიციის მხრიდან მოკლული კიდევ ერთი ფერადკანიანის ოჯახის წევრებს ესაუბრა და მათ მიუსამძიმრა.
აქვე ბაიდენი ამბობს, რომ 29 წლის ბლეიკის ოჯახის წევრები არ ემხრობიან ქუჩაში ძალადობას.
"ცოტა ხნის წინ ვესაუბრე იაკობის დედას, მამას, დას და ოჯახის სხვა წევრებს. მე მათ ვუთხარი რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს,"- ამბობს ბაიდენი გავრცელებულ ვიდეოში.
კენოშაში 29 წლის ფერადკანიანი მამაკაცი პოლიციის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ ვიდეო მასალა მალე გავრცელდა სოციალურ ქსელში, რამაც ვინსკონსინში ვითარება უკიდურესად დაძაბა.
რამდენიმე დღეა ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას. აქციის მონაწილეთა ნაწილმა რადიკალურ ფორმებს მიმართა და ქუჩებში ბარიკადები განათავსა, მათ გადაწვეს და დაანგრიეს შენობები. რამდენჯერმე მოხდა შეტაკება სამართალდამცავებთან.
"ეს ძალადობა არ არის საჭირო. ძალადობა საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ძალადობა აჩერებს და აფერხხებს ბიზნესებს, რომელიც საზოგადოებას ემსახურება. ეს არასწორია,"- ამბობს ჯო ბაიდენი.
ჯო ბაიდენთან ერთად, მოკლული 29 წლის ფერადკანიანი კაცის ოჯახის წევრებს ესაუბრა კამალა ჰარისიც. "ამერიკაში ჯერ კიდევ არსებობს სამართლიანობის ორი სისტემა,"- თქვა დემოკრატების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
ვინსკონსინში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მოქმედმა და რესპუბლიკური პარტიის მიერ კიდევ ერთხელ პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებულმა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ის ესაუბრა ვისკონსინის გუბერნატორს არსებულ ვითარებაზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ შტატს პროტესტთან გასამკლავებლად და წესრიგის აღსადგენად დამატებითი საპოლიციო ძალები გაეგზავნება.
პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთი ფერადკანიანი ამერიკელის მკვლელობის შესახებ საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავა.
Facebook Forum