12 წლის წინ რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 700-ზე მეტი კი დაიჭრა ან დაშავდა. მათგან, ვისაც საცხოვრებლის დატოვება მოუხდა, 25 000 ადამიანს საკუთარ სახლში დაბრუნება ჯერაც არ შეუძლია. საოკუპაციო ხაზი კვლავ იწევს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართულებით. რუსეთის ჰიბრიდული ქმედებები და აგრესია გრძელდება. რა მოხდა 12 წლის წინ, როგორ იმოქმედა დასავლეთმა და სად არის დღეს საქართველო ნატოსკენ და მეტი უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზაზე. ამ თემებზე ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო საკითხების ექსპერტს, „ატლანტიკური საბჭოს“უფროს მკვლევარს, იან ბრჟეზინსკის ვესაუბრეთ. ის 2000-იანი წლების დასაწყისში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით.
- აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნაზე საუბრობდა იმაზე, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი მიუღებელი იყო. შემდეგ ის შეიჭრა საქართველოში, 6 წლის შემდეგ კი უკრაინაში. როგორ ფიქრობთ მოახერხა მან ამ წესრიგის თავდაყირა დაყენება?
2008 წელს ადამიანებმა ვერ გააანალიზეს საქართველოში შეჭრის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. არ იყო შორსმხედველი პერსპექტივა და ამან მხოლოდ გააძლიერა პუტინი და შექმნა წინაპირობა უკრიანაში უფრო დიდი მასშტაბის შეჭრისთვის. მისცა მას საშუალება ეფიქრა, რომ შეუძლია განაგრძოს წნეხი და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა, რის კეთებასაც განაგრძობს ახლაც, ჩვენი საუბრის დროს.
- ის ნამდვილად ცდილობს. რუდუნებით, აგრესიულად მუშაობდა იმ საერთაშორისო წესრიგის ამოსაყირავებლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობას ინარჩუნებდა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ეს იყო კანონის უზენაესობა, რომელმაც მოიტანა თავისუფლება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. მისი ქმედებები: საქართველოში და უკრაინაში შეჭრა, სამხედრო დანახარჯების მასობრივი ზრდა, შეიარაღებული ძალების განთავსება ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან; სამხედრო პროვოკაციული ქმედებები ხმელთაშუაზღვისპირეთში, ატლანტისა თუ წყნარ ოკეანეებში, არქტიკაში; უეცარი წვრთნები, რომლებიც შეიძლება პოტენციურად მუქარის შემცველი და დესტაბილიზაციის მომტანი იყოს, როდესაც მასში 100 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს - ესაა კონფრონტაციული მიდგომა მსოფლიო წესრიგის მიმართ, რომელიც პუტინის შეგრძნებით, რუსეთში მის პერსონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
სამწუხაროდ, ის აგრძელებს საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ნაწილის, ასევე ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციას. თესავს დაპირისპირებას დასავლეთის ალიანსებში, როგორც საჯაროდ, ისე კიბერ-თავდასხმების თუ ფარული ოპერაციების მეშვეობით, ქმნის არასტაბილურობას. პუტინი არის ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ არასტაბილურობა, მისი გაგებით, შესაძლებლობას ქმნის.
- იმ მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ, რომლებიც 2008 წლამდე და მის შემდეგ ვითარდებოდა, საერთაშორისო დინამიკას, როგორ შეცვალა ამ ომმა გეოპოლიტიკური რეალობა უფრო დიდ, საერთაშორისო და უსაფრთხოების კონტექსტში? როგორ შეცვალა ომმა იმის აღქმა თუ რა იყო პუტინის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები როგორც მეზობლების, ისე დასავლეთისთვის? ხომ არ დასჭირდა ამას ძალიან დიდი დრო და კიდევ ერთი ქვეყნის ანექსია. სად ვართ ახლა ამ კუთხით?
- მარტივი, პირდაპირი და ზუსტი პასუხი თქვენს კითხვაზე, არის დიახ. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ ლეთარგიის და სათანადო სისწრაფით, გადაუდებელი აუცილებლობით და შეშფოებით პასუხის „ვერგაცემის“ შედეგებს დღესაც გრძნობენ საქართველოში და უკრაინაში, რომელთა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილიც ახლა რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ძალებს აქვთ ოკუპირებული.
საქართველოში ჩვენ ამ აგრესიის გაგრძელებას დღესაც ვხედავთ მომდინარე „ბორდერიზაციით“, დროდადრო, მეტრებით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე უფრო და უფრო მეტად გადმოწევით. ჩვენ საკმარისად არ გვიპასუხია. ძალიან დიდი დრო გავიდა და ნამდვილად გვჭირდება ბევრად უფრო ყოვლისმომცველი და ქმედითი პასუხი ამ გამოწვევაზე.
ყოველთვის იყო იმედი, თითქმის გულუბრყვილობაც კი ზოგიერთ დასავლურ წრეში იმის თაობაზე, რომ პუტინის მსგავს ლიდერთან თანამშრომლობით მისი ამბიციების შეცვლა შეიძლებოდა. ეს ყველაფერიც ამის ნაწილია.
არასდროს დავთანხმებივარ არგუმენტს, რომ უკრაინა და საქართველო არ შეიძლება გახდნენ ნატოს წევრები, სანამ მათ რუსეთთან ტერიტორიული უთანხმოება აქვთ. ის, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები არ გადაიდგას, პრაქტიკულად ნიშნავს პუტინისთვის ალიანსის წევრობაზე ვეტოს უფლების მიცემას. რაც ფუნდამენტურად მცდარი და დესტაბილიზაციის გამომწვევი რამაა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, 2008 წელს ადამიანებმა ვერ გააანალიზეს საქართველოში შეჭრის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ზოგი ალბათ ფიქრობდა, რომ ეს პატარა ქვეყანაა, არაა ნატოს წევრი, შავი ზღვის განაპირასაა, მის გამო სერიოზული კონფლიქტი არ ღირს. და ეს არ იყო შორსმხედველი პერსპექტივა, რადგან ამან მხოლოდ გააძლიერა პუტინი და შექმნა წინაპირობა უკრიანაში უფრო დიდი მასშტაბის შეჭრისთვის. მისცა მას საშუალება ეფიქრა, რომ შეუძლია განაგრძოს წნეხი და ჩარევა, შეჭრა, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა, რის კეთებასაც განაგრძობს ახლაც, ჩვენი საუბრის დროს.
თქვენ ცოტა ხნის წინ კონგრესის წინაშე მოხსენებაშიც ამბობდით, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე უფრო მკაფიო და ნათელ რუკას, გზამკვლევს იმსახურებენ. როგორ უნდა უპასუხოს დასავლეთმა რუსეთის მცდელობას, შექმნას თუ წააქეზოს კონფლიქტები და დაიტოვოს მეზობელი ქვეყნები მძევლებად, არ მისცეს მათ დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანების შესაძლებლობა?
- არასდროს დავთანხმებივარ იმ არგუმენტს, რომ უკრაინა და საქართველო არ შეიძლება გახდნენ ნატოს წევრები, სანამ მათ რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უთანხმოება აქვთ. ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას პუტინმა წაართვა მათი ტერიტორიები და აგრძელებს მათ ოკუპირებას. ის, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები არ გადაიდგას, პრაქტიკულად ნიშნავს პუტინისთვის ალიანსის წევრობაზე ვეტოს უფლების მიცემას. რაც ფუნდამენტურად მცდარი რამაა. ესაა დესტაბილიზციის გამომწვევეი და წამაქეზებელი ფაქტორი პუტინისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად აგრესიული და უფრო თავხედი იყოს.
უკრაინელები და ქართველები იმსახურებენ უფრო ნათელ გზას, რუკას, გადასადგმელი ნაბიჯების სიას, რაც მიიყვანს მათ წევრობამდე. საქართველოს შემთხვევაში კი დავძენდი, რომ ის უკვე ათ წელზე მეტია იქცევა, როგორც ნატოს დე-ფაქტო წევრი, 900-მდე ქართველი სამხედრო მსახურობს დღეს ავღანეთში.
პატარა საქართველოს დღეს იმაზე მეტი სამხედრო ჰყავს ნატოს მისიაში, ვიდრე ნატოს წევრების უმეტესობას. ესაა ქვეყანა, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ნატოს წევრისგან მოელიან და მას აქვს უფლება ჰქონდეს წევრობისკენ მიმავალი გზის ნათელი რუკა. ამ რუკის არმიცემა კი ტოვებს მათ დაუცველობის „რუხ ზონაში“, რომელიც პუტინის მსგავსი ლიდერების რევანშისტულ ამბიციებს აქეზებს. რეალურად, ჩვენ ამით რეგიონის არასტაბილურობაში შეგვაქვს წვლილი. ჩვენ გვჭირდება ამის მიღმა წასვლა. უნდა მივცეთ ამ ქვეყნებს ცხადი გზა ნატოს წევრობისკენ. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო.
- ვლადიმირ პუტინი მაშინვე ამბობდა, რომ ნატოს გაფართოება არა მოდერნიზაციის შედეგი, არამედ მუქარა იყო „ვიღაცის“ წინააღმდეგ. ფიქრობთ, დასავლეთმა მისი მოლოდინის და გათვლების შესაბამისად იმოქმედა მაშინ, როდესაც ბუქარესტის სამიტზე ქვეყანამ MAP-ი - წევრობის სამოქმედო გეგმა ვერ მიიღო?
- ამ კითხვას ასე ვუპასუხებ: პუტინი გაოცებული დარჩა იმით, თუ რამდენად სუსტი იყო დასავლეთის პასუხი მის აგრესიაზე. საქართველოში შეჭრიდან ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი ფაქტობრივად სრულად აორთქლდა. ისინი შეიჭრნენ უკრაინაში, დიახ, დაწესდა მეტი სანქცია ამ აგრესიაზე და განგრძობით ოკუპაციაზე საპასუხოდ. მაგრამ არის ისინი მართლაც დამაკმაყოფილებლად, საკმარისად მკაცრი საიმისოდ, რომ პუტინმა თავისი გეგმები გადააფასოს? - არა. რუსული ძალები კვლავ იქაა, ადამიანის უფლების დარღვევა გრძელდება ყირიმში, დონეცკში, ოსეთსა თუ აფხაზეთში. და თუ ვაპირებთ, რომ სერიოზულები ვიყოთ ამ აგრესიისთვის პასუხის გაცემაში, მაშინ უნდა გავზარდოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური სანქციები. ისინი [დასავლური სახელმწიფოები] უნდა გასცდნენ ინდივიდუალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ეს სანქციები უფრო სექტორული უნდა გახდეს. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკური ინსტრუმენტები. ესაა ამერიკის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ - 14 - 1-ის წინააღმდეგ, 14 ტრილიონი $ უხეშად 1 ტრილიონის წინააღმდეგ. და თუკი ამ 14 ტრილიონს, ევროპის 30-35 ტრილიონს დავუმატებთ 1- 1.5 ტრილიონის წინაამდეგ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეკონომიკური წონა. უბრალოდ არ ვიყენებთ ამ მექანიმზს, უპირატესობას.
ამგვარი ნაბიჯებით უნდა გამოვიწვიოთ პუტინის მიერ მისი იმ გათვლების გადაფასება, რამაც აგრესია განაპირობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ცოტა უფრო მტკიცენი პოლიტიკური იზოლაციის საკითხშიც და შევინარჩუნოთ ეს იზოლაცია რუსეთის ხელისუფლების მიმართ. მას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გამოჩნდეს ან მოიწვიონ „დიდი შვიდეულის“ ან „დიდი რვიანის“ შეხვედრებზე, რადგან ესაა დემოკრატიების საზოგადოება, და არა აგრესორებისა და ავტორიტარების საზოგადოება.
სამწუხაროდ, ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ სამხედრო მზადყოფნა იმისთვის, რომ რუსული აგრესიისგან თავი დავიცვათ და ის შევაკავოთ. ეს ნიშნავს უფრო ძლიერ პოზიციონირებას არა მხოლოდ ბალტიისპირეთის რეგიონში, არამედ შავი ზღვის რეგიონშიც: უფრო საფუძვლიანი წვრთნები, ნატოს მეტი წარმომადგენლობა ხმელეთზე ბულგარეთში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში. ამასთან, არა მხოლოდ ამერიკელების, არამედ დასავლეთ ევროპელებისაც.
პუტინისთვის გამაოგნებელი იყო ამერიკის პასუხი საქართველოში შეჭრაზე მაშინ, როდესაც ამერიკამ ბრძოლის მიმდინარეობისას საქართველოში ჯარისკაცების მისიიდან დაბრუნება გადაწყვიტა. ის გაოცდა, როცა მიხვდა, რომ ამერიკა მზად იყო ომი გაერისკა საქართველოს დასაცავად, ამან ის აიძულა შეჩერებულიყო. საქართველოში შეჭრისას გამოჩნდა რუსული არმიის არაკომპეტენტურობაც. შედარებით მცირე ქართულ ძალებს ჰქონდათ გამორჩეულად ძლიერი თავდაცვა ძალიან დიდ ძალებთან. რუსეთის ძალების დაწინაურება კი კონფლიქტის საწყის ეტაპზე იყო არა კომპეტენტურობის, არამედ უბრალოდ მასის, რაოდენობის მიზეზით. ამან პუტინს უბიძგა შეიარაღებული ძალების აგრესიული მოდერნიზაციისკენ.
მეორე, რამაც მის გათვლებზე იმოქმედა, იყო ის, თუ რამდენად სწრაფად გაიფანტა დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის განგრძობითი ოკუპაციის თაობაზე - ერთი წლის შემდეგ უკვე ხდებოდა სამიტები, შეხვედრები დასავლელ ევროპელ ლიდერებსა და რუსეთს შორის. დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები ჩნდებოდნენ და დააბიჯებდნენ სანკტ-პეტერბურგში ბიზნეს განვითარების კონფერენციებზე იმისთვის, რომ რუსულ ეკონომიკას დახმარებოდნენ.
ვფიქრობ, ასე პუტინმა დასკვნები გამოიტანა: მას უფრო მომზადებული ძალები უნდა ჰყოლოდა, და მეორე: დასავლეთს არ სურდა მკაცრად ეპასუხა რუსეთის აგრესიისთვის. ასე რომ ამ ჩავარდნამ იმაში, რომ შენარჩუნებულიყო ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, წააქეზა ის იმისთვის, რომ მოემზადებინა უკრაინაში თავდასხმა, და როგორც კი 2014 წლის ქაოსში ამის შესაძლებლობა გამოჩნდა, მან ქვეყანას დაარტყა და ეს არ უნდა გაგვკვირვებოდა.
- რა შეიცვალა 2014 წლის შემდეგ?
- ალიანსმა გააფართოვა მისი წარმომადგენლობა ბალტიის ქვეყნებში, შავ ზღვაში. ამერიკა ლეტალური, სასიკვდილო იარაღით ეხმარება უკრაინელებს, დააბრუნა ევროპაში ფართომასშტაბიანი წვრთნები. ნათელია ამერიკის ძალისხმევა, რომ დაიწყოს წვრთნები და ძალების გადააადგილება რეგიონში. ასე რომ დიახ, ახლა უფრო მომზადებულები ვართ, ვიდრე მანამდე. უფრო მეტი ვიცით იმ გამოწვევების შესახებ, რასაც პუტინი და მისი რევანშისტული ამბიციები ქმნის. მაგრამ ვიტყოდი, რომ კიდევ ბევრად მეტია გასაკეთებელი და ჩვენ უფრო ძლიერად უნდა ვიყენებდეთ ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო შესაძლებლობებს როგორც ალიანსი, როგორც დემოკრატიების საზოგადოება, თუ გვინდა, რომ, გავლენა გვქონდეს იმაზე, რომ პუტინმა თავისი ამბიციების თავიდან გადააფასოს.
მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ამ შეჭრისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, ნათელია. მთავარი ისაა, რომ პუტინი ემზადებოდა ასეთი შესაძლებლობისთვის და შემდეგ შეიჭრა საქართველოში სრული მასშტაბით და ძალებით, რაც აშკარად იყო მომზადებული იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ტერიტორია წაერთმია.
- საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ძალიან ხშირად გვესმის მთავრობის თუ მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან კითხვები იმის თაობაზე თუ ვინ დაიწყო ომი. რამდენად საფრთხილოა ამგვარი დაშვების გაკეთება და იმის თქმა, რაც ასე ჰგავს იმას, რასაც კრემლი ამბობს? რა გავლენას ახდენს ეს იმაზე, თუ როგორ და რამდენად მნიშვნელოვნად ხედავს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ოკუპაციას?
- ვფიქრობ, მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ამ შეჭრისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, ნათელია. საკმარისია შეხედოთ საქართველოსკენ მომავალი სარკინიგზო ხაზების განვითარებასაც, რომელიც რუსეთის სამოქალაქო სარკინიგზო სამსახურების კი არა, სამხედრო ელემენტების მიერ იყო წარმოებული. ამის დანახვა შესაძლებელია აღჭურვილობისა და ძალების წინასწარი განლაგებითაც, 2008 წლის შეჭრამდე თვეებით ადრე.
ვიღაცამ შესაძლოა დაღლამდე იკამათოს იმაზე, ვინ წააქეზა ეს შეჭრა. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პუტინი პრაგმატისტია. ისაა ადამიანი, ვინც ფრთხილად ემზადება და შემდეგ მოთმინებით ელოდება შესაძლებლობას. მისცა თუ არა, ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებამ მას ეს შესაძლებლობა, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ასპექტი. მთავარი ისაა, რომ პუტინი ემზადებოდა ასეთი შესაძლებლობისთვის და შემდეგ შეიჭრა საქართველოში სრული მასშტაბით და ძალებით, რაც აშკარად იყო მომზადებული იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ტერიტორია წაერთმია. რომ არა შეერთებული შტატების პასუხი, შეჭრა ალბათ იქნებოდა კიდეც წარმატებული. საბოლოოდ, ეს არ იყო სრულად წარმატებული, თუმცა სამწუხაროდ ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.
- თავდაცვის შესაძლებლობებზე და ნატოს წევრობის რეალურ გზებზე საუბრისას, როგორ ფიქრობთ, არის ნატოს წევრებში პოლიტიკური მზაობა იმისათვის, რომ ქვეყნის მიმართ, რომელიც, როგორც ბევრი თანხმდება, პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ახლებური მიდგომა გამოიყენონ? ბევრი დისკუსია მოვისმინეთ იმის შესახებაც, შესაძლებელია თუ არა ნატოში საქართველოს გაწევრიანება ისე, რომ ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს. როგორ ფიქრობთ, დღევანდელზე წინ და შორს წასასვლელად ახლა რამდენად მზადაა ნატო?
- მე მახსენდება დისკუსიები ნატოს გაფართოების თაობაზე 1990-იან წლებში, როდესაც პოლონელები, ჩეხები, სლოვაკები, უნგრელები ნატოს ასპირანტი ქვეყნები იყვნენ და წევრობა სურდათ. მნიშვნელოვანია, რომ ნატო არ აიძულებდა ამ ქვეყნებს წევრობას, ისინი თავად აკაკუნებდნენ ნატოს კარზე და ამ ასპექტს რუსეთი ხშირად ყურადრების მიღმა ტოვებს.
მახსოვს ყველა არგუმენტი, რომელიც მაშინ ამ ქვეყნების წევრობის წინააღმდეგ ისმოდა - ზუსტად იგივე, რაც ახლა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ისმის: რომ ისინი არ არიან მზად, დამტკიცებულია თუ არა მათი დემოკრატია? 2-3 წელია, რაც რეალურად სტაბილურები არიან და ა.შ. რისი შემატება შეუძლიათ ალიანსისა და მისი მისიებისთვის? როგორ იმოქმედებს ეს რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაზე, იქნება თუ არა საფრთხის მომასწავებელი რუსეთისთვის?
შემიძლია ვთქვა, რომ ურთიერთობა მაგალითად პოლონელებსა და რუსებს შორის, ისევე როგორც ბალტიისპირელებსა და რუსებს შორის ახლა იმაზე უკეთესია, ვიდრე ოდესმე აქამდე, სწორედ ნატოში ამ ქვეყნების მიღების გამო. იგივე პრინციპი იმოქმედებდა უკრაინისა და საქართველოს მიმართაც, მჯერა, რომ ამერიკის ძლიერი ლიდერობით, რომელსაც ზურგს გაუმაგრებენ ალიანსის იმ წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ერთგულნი დემოკრატიული პრინციპებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისა, (მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობისაც), შეუძლიათ ნაბიჯების გადადგმა. შეუძლიათ საფუძვლის შექმნა იმისთვის, რაც დაეხმარება უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებების კუთხით უფრო წინ წასვლას, უფრო ღია და მიმღებელი პერსპექტივისკენ.
ეჭვი არ მეპარება, რომ ერთ დღეს, საქართველო და უკრაინა, ორივე, ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. ესაა ის, რაც ამ ქვეყნებს და ამ ქვეყნების მოსახლეობას სურს. ეს პოპულარობა შენარჩუნებულია. ვერ გეტყვით, როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს მოხდება. ამას სჭირდება ლიდერობა და იმედი მაქვს ეს ვაშინგტონში დაიწყება.
- როგორია ახლა ამერიკის და ნატოს ურთიერთობა? გართულებული ტრანსატლანტიკური კავშირების, ურთიერთბრალდებების და ერთობის შესახებ ბევრი შეკითხვის პირობებში, რამდენად რეალისტურად ხედავთ ამ მიმართულებით წინ წასვლას?
ბორდერიზაციის ქმედებები იმსახურებს, სულ მცირე, ძალიან ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის სექტორულ სანქციებსაც. ვფიქრობ, ესაა გზა, რომლითაც პუტინის დარწმუნება შეგვიძლია იმაში, რომ დასავლეთი ერთიანია საქართველოს მსგავსი დემოკრატიის მიმართ აგრესიის წინააღმდეგ.
- ნატოსა და ამერიკის ურთიერთობა ბევრი ფაქტორის ნაზავია, რიტორიკულ და დიპლომატიურ საფეხურებზე, თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. არსებობს პრობლემები, წუხილი, მაგრამ თუკი ფუნქციური თვალსაზრისით შეხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა რეალურად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე მას ოდესმე გაუკეთებია ცივი ომის შემდეგ ევროპაში. ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო პოლონეთში, ვიდრე ოდესმე გვყოლია. ამერიკული ძალები რეგულარულად არიან ბალტიისპირეთში. რამდენიმე ბატალიონი გამუდმებითაა განლაგებული ცენტრალური ევროპის რეგიონში, მათ შორის შავი ზღვის რეგიონშიც. ამერიკამ 20 მილიარდი დოლარი დახარჯა ევროპული შეკავების ინციატივაზე მისი დაწყებიდან. ამერიკელთა უმეტესობა მხარს უჭერს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი ამბობს, რომ თუკი მაგალითად პოლონელების ან ბალტიის ქვეყნების დაცვა იქნება საჭირო, ამერიკამ, როგორც ნატოს წევრმა, ეს უნდა გააკეთოს.
იცით, ადვილია ტრამპის რიტორიკაზე ფოკუსირება და თქმა, რომ ესაა ახლანდელი ურთიერთობა და მდგომარეობა. მე არ ვემხრობი ამ რიტორიკას, ვფიქრობ, ეს სამწუხარო შეცდომაა და დესტაბილიზაციას იწვევს, არ ეხმარება ალიანსს. მაგრამ თუკი ფუნქციურად შეხედავთ, ბევრი რამ სწორი მიმართულებით კეთდება. იზრდება ოპერაციების ტემპი, შეკავების ღონისძიებები რეგიონში და იმედი მაქვს დასავლეთ ევროპელებიც ასევე მოიქცევიან.
- საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აგრძელებენ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. გამყოფი ხაზების გადმოწევას, ხელოვნური ბარიერების შექმნას, მოქალაქეთა გატაცებას თუ დაშინებას. რა შეიძლება გაკეთდეს დასავლეთის მხრიდან ამ „მცოცავი ოკუპაციის“ დასაგმობად და შესაჩერებლად?
- ვფიქრობ, დასავლეთმა, როგორც საზოგადოებამ, ერთობამ ხმამაღლა უნდა დაგმოს ბორდერიზაციის ქმედებები, და სასაზღვრო ხაზის შექმნა საქართველოში ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ხდება. მეორეც, ეს დე-ფაქტო შეჭრაა, ბევრი კუთხით ეს არ განსხვავდება იმისგან, რაც 2008 წელს ან 2014 წელს მოხდა, დიახ, შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებად ძალადობრივი, აგრესიული თუ ტრავმატულია, მაგრამ შედეგები იგივეა: ესაა მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უგულებელყოფა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ბორდერიზაციის ქმედებები იმსახურებს, სულ მცირე, ძალიან ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის სექტორულ სანქციებსაც. ვფიქრობ, ესაა ერთი გზა, რომლითაც პუტინის ყურადღების მიპყრობა და მისი დარწმუნება შეგვიძლია იმაში, რომ დასავლეთი ერთიანია იმ აგრესიის მიმართ, რომელიც საქართველოს მსგავსი დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული.
12 წლის შემდეგაც, როდესაც საქართველოს, ამ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნის ტერიტორიები კვლავ წართმეული და ოკუპირებულია, აღტაცებული ვარ საქართველოს თავდადებით დასავლური ალიანსების და დემოკრატიების ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ. შთამბეჭდავია ამ თავდადების დემონსტრირება ნატოსა და ამერიკის ლიდერობით მიმდინარე მისიებში მთელ მსოფლიოში. მე ქედს ვიხრი ამისთვის საქართველოს წინაშე და ძალიან შთამბეჭდავია ეს განგრძობითი მონდომება, თავდადება იმისთვის, რომ ნატოსა თუ ევროკავშირის მსგავსი ინსტიტუტების წევრი გახდეთ და მე ველი დღეს, როდესაც ეს მისწრაფებები შესრულდება.
Facebook Forum