ლიბანის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათს, ბეირუთში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე, გაიცა ბრძანება შიდაპატიმრობა მიესაჯოს ყველას, ვინც მონაწილეობას იღებდა ასაფეთქებელი მასალების დასაწყობებაში, რომელიც ქალაქის პორტში აფეთქდა და გამანადგურებელი შედეგები გამოიღო.
ახალი ბრძანების მიხედით, ქალაქში სრული ძალაუფლება ახლა სამხედროების ხელში გადადის.
ჯერჯერობით უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი, თუმცა, ოფიციალური პირები ლიბანში აცხადებენ, რომ ისინი ფოკუსირებულები არიან ტონობით ამონიუმის ნიტრატზე, რომელიც პორტის შემნახველ ნაწილში გასული 6 წლის განმავლობაში იყო დასაწყობებული.
აფეთქებამ მთლიანად გაანადგურა მიმდებარე სამეზობლოები. ოთხშაბათის მონაცემებით, დაიღუპა 140-მდე ადამიანი და დაშავებულია 5 000-ზე მეტი. ინფორმაციას ლიბანში მდებარე წითელი ჯვრის ოფისი ავრცელებს.
ბეირუთის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა თქვა, რომ ამ „აპოკალიპტურმა სიტუაციამ“ 300,000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
სამაშველო ჯგუფები კვლავ განაგრძობენ ძებნით სამუშაოებს, ქვეყნის პრემიერ-მინსტრმა, ჰასან დიაბმა, კი ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ელოდებიან მსხვერპლის რიცხვის გაზრდას. ახლა სამაშველო სამუშაოები ჩამონგრეულ შენობებში ტარდება. ეძებენ როგორც გარდაცვლილებს, ისე გადარჩენილებსაც. საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბეირუთში მდებარე სამი საავადმყოფო მძიმედაა დაზიანებული და ვერ ფუნქციონირებს. ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიდევ ორი საავადმყოფო მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ბეირუთში, მოუწოდა მოსახლეობას დარჩნენ სახლში და არ გამოვიდნენ გარეთ, ვინაიდან აფეთქების შემდეგ გავრცელდა ცნობები ტოქსიკური გაზების არსებობაზე ჰაერში.
ქვეყნის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გამოძიება იქნება სწრაფი და „ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან, ამის საფასურსაც გადაიხდიან“.
ლიბანის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობისთვის კაბინეტი შეკრიბა. საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე კი დაწერა: „მიუღებელია, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც 2750 ტონამდე წონის იყო, 6 წელი ყველანაირი პრევენციული ზომების მიღების გარეშე ინახებოდა, რამაც მოსახლეობის უსაფრთხოება შეიწირა“.
მომხდარის გამო საერთაშორისო საზოგადოება სამძიმარს უცხადებს ლიბანის მოსახლეობას და დახმარებას სთავაზობს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა თქვა, რომ ბეირუთში ვიზიტით ჩავა და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება. მანამდე კი საფრანგეთმა განაცხადა, რომ ლიბანში ექიმების ჯგუფსა და სამედიცინო აღჭურვილობას გააგზავნის.
განცხადება გააკეთა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც. განცხადებაში წერია, რომ ის „სამძიმარს უცხადებს მსხვერპლთა ოჯახებს, ლიბანის მოსახლეობას და მთავრობას, იმ საშინელ აფეთქებასთან დაკავშირებით, რაც დღეს ბეირუთში მოხდა. ის სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს დაჭრილებს, მათ შორის გაეროს რამდენიმე თანამშრომელს ლიბანში“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკა „მზადაა დაეხმაროს ლიბანს“. რის შემდეგაც დაამატა, რომ ეს ყველაფერი „საშინელ თავდასხმას ჰგავს“.
როდესაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, დარწმუნებული იყო თუ არა იმაში, რომ ეს აფეთქება იყო თავდასხმა, მან თქვა: „აფეთქების მიხედვით, ასე ჩანს. მე ჩვენს რამდენიმე შესანიშნავ გენერალს შევხვდი და როგორც ჩანს, ისინიც ასე ფიქრობენ. ეს არ იყო რაღაც წარმოების დროს მომხდარი აფეთქება. ეს, როგორც ჩანს, მათი [ნათქვამის] მიხედვით, მათ უკეთ იციან ვიდრე მე, მაგრამ როგორც ჩანს ისინი ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმა იყო. რაღაც ბომბი“, თქვა პრეზიდენტმა.
Facebook Forum