ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ფედერალურ უწყებებში უცხო ქვეყნის მოქალეების დასაქმებას ზღუდავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ფედერალურ სააგენტოებს სთხოვა დაემტკიცებინათ, რომ სამსახურში კვალიფიცირებული ამერიკელების ნაცვლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ აჰყავთ.

თეთრი სახლის განცხადებით, აღმასრულებელი ბრძანებით პრეზიდენტი შეაჩერებს „ამერიკელი მუშა-მოსამსახურეების დაბალ-ანაზღაურებადი უცხოელი მუშებით უსამართლოდ ჩანაცვლებას.“


ბრძანების თანახმად, ყველა ფედერალურ სააგენტოში ჩატარდება შიდა აუდიტი, რომლის მიზანიც იმის გამოვლენა იქნება, ქირაობს თუ არა სააგენტო ამერიკის მოქალაქეებს ვაკანტურ პოზიციებზე.

ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმის გამო მიიღო, რომ ფედერალურმა უწყებამ „ტენესის დაბლობის სამსახურმა“ (TVA) განაცხადა, რომ ტექნოლოგიურ ვაკანსიების 20%-ს უცხოელებით დააკომპლექტებდა. ამას კომპანია ადამიანების H-1B ვიზებზე დასპონსორებით შეძლებდა.

აღმასრულებელი ბრძანება ასევე ეხება „ამერიკის ხმის“ ზოგიერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომლებიც J-1 ვიზის განახლებას ელოდებიან.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან TVA-ის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ მას სამსახურში უცხოელები აჰყავდა და ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდა.

ვიზების პროცესის გადახედვა ერთ-ერთი სიახლეა, რომელსაც ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მაიკლ პეკი ახორციელებს.

ამჟამად, „ამერიკის ხმას“ 62 კონტრაქტორი და სრულ განაკვეთზე მომუშავე 14 ისეთი თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც შეერთებულ შტატებში J-1 ვიზით იმყოფებიან და უნიკალური უნარები აქვთ, მათ შორის, რამდენიმე უცხო ენის ფლობა. „ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ როგორ შეეხება ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ამ ადამიანებს, თეთრმა სახლმა ბმული გაუგზავნა, სადაც სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზეა საუბარი.

ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს პრეს-სპიკერის განცხადებით, თითოეული ეს შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, პროცესის მიზანი კი სააგენტოს მართვის მეთოდების გაუმჯობესება და იმაში დარწმუნებაა, რომ ორგანიზაცია ადამიანების დაქირავების თვალსაზრისით საკუთარ ძალაუფლებას არ აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG