შეერთებულ შტატებს გერმანიიდან 12 000-მდე სამხედრო მოსამსახურე პირი გაჰყავს. გეგმის მიხედვით, მათგან 5 600 გერმანიიდან ნატოს სხვა მოკავშირე ქვეყნებში გადანაწილდება, მათ შორის, ბელგიასა და იტალიაში, ხოლო 6 400 ჯარისკაცი შეერთებულ შტატებში დაბრუნდება. თუმცა მათი უმეტესობა მოგვიანებით „განგრძობით როტაციაში“ ჩაერთვება შავი ზღვის რეგიონში.
გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. გერმანიის მხარე ამ ნაბიჯს აკრიტიკებს. პენტაგონის განცხადებით, ამ ცვლილების მიზანი რუსეთის შეკავების განმტკიცებაა.
„ეს ცვლილებები შეერთებული შტატებისა და ნატოს მიერ რუსეთის შეკავების ძირითადი პრინციპის შესრულებას დაეხმარება, ნატოს გააძლიერებს, მოკავშირეებს გაამხნევებს და შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოქნილობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა. „გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ალიანსისთვისა და რუსეთის შეკავებისთვის“, - თქვა მან.
ესპერისა და პენტაგონის სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, ჯარების გადანაწილება რამდენიმე კვირაში დაიწყება.
ჯერ უცნობია თუ რა დაუჯდება სამხედროების რელოკაცია შეერთებულ შტატებს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯს რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება.
შეერთებულ შტატებს გერმანიაში ამ დროისთვის 36 000 სამხედრო ჰყავს განთავსებული რამდენიმე ბაზაზე. შტუტგარდტში კი ამერიკის ევროპული და აფრიკული სარდლობებია განთავსებული.
ახალი გეგმის მიხედვით, ამერიკა ევროპული სარდლობის (EUCOM) შტაბბინას, 2 000 სამხედროსთან ერთად, შტუტგარტიდან ბელგიაში გადაიტანს.
შესაძლებელია, რომ ქალაქი შეერთებული შტატების აფრიკის სარდლობამაც დატოვოს, თუმცა ამაზე კონკრეტული გეგმები ჯერ არ არსებობს.
დამატებით, საჰაერო ძალების 2 500 წევრი, რომელიც ბრიტანეთიდან გერმანიაში უნდა გადასულიყო, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ბრიტანეთში დარჩება. განიხილება ასევე პოლონეთში დამატებით სამხედროების გაგზავნაც.
გერმანელი ოფიციალური პირები ცდილობდნენ ამერიკული სამხედროების ქვეყანაში შენარჩუნებას და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „სამწუხაროა“.
„ჩვენ [ნატოს] ალიანსის უსაფრთხოებას განვიხილავთ“, - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა. „ამერიკას მოკავშირეები სჭირდება. ამერიკას სჭირდება თანამოაზრეები, რომლებიც იზიარებენ იგივე ღირებულებებს და ესენი ევროპის ქვეყნები არიან“.
ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიაში სამხედროების შემცირების შესახებ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას საჯაროდ განაცხადა.
„გერმანია ძალიან ცოტას იხდის იმისას რასაც უნდა იხდიდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ნატოს დაფინანსების და თავდაცვის ხარჯებზე საუბრისას. „მათ ნატოში დიდი ვალი აქვთ და ეს უკვე წლებია გრძელდება. ეს არაა სამართლიანი დამოკიდებულება ნატოს მიმართ, არაა სამართლიანი შეერთებული შტატების მიმართ“, - თქვა მან.
პრეზიდენტის ეს განცხადება, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში არსებულ უთანხმოებებზე მიუთითებს. ტრამპი იმ მოკავშირეებს ხშირად აკრიტიკებს, რომლებიც თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ ხარჯავენ. ამ დროისთვის შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯები იმაზე მეტია, ვიდრე ალიანსის ყველა სხვა დანარჩენი მოკავშირის ერთად აღებული.
ტრამპი ხშირად აკრიტიკებს გერმანიას იმის გამო, რომ ევროპის უმძლავრესი ეკონომიკა თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავს. ამასთან, პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ბერლინის მიერ რუსული მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდაჭერა.
ამერიკის სამხედრო ძალების კონტიგენტი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, შემდეგ მოდის იტალია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი. გერმანია დღეს ევროპაში ამერიკის ოპერაციების მთავარი ცენტრია, სადაც სულ ცოტა ორი სარდლობა, საჰაერო ბაზები და სამედიცინო ცენტრები მდებარეობს.
Facebook Forum