ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რთული პარტნიორობა: ვაშინგტონს გერმანიიდან ჯარები გაჰყავს


თეთრი სახლი გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობა. გერმანიას 9400 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ალიანსის ერთიანობას შეარყევს, ალიანსისას, რომელმაც 70 წლის მანძილზე შეძლო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის უზრუნველყოფა.

ცივი ომის განმავლობაში და შემდეგაც, ამერიკელი სამხედროები ევროპის თავდაცვის უზრუნველყოფაში მთავარ ძალას წარმოადგენდნენ.

თუმცა, ეს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეზე უკმაყოფილებას იწვევდა.

ამერიკელები ევროპელებს მოუწოდებდნენ მეტი დაეხარჯათ საკუთარ თავდაცვაზე, ევროპელებს კი ვაშინგტონის მილიტარიზმი აღიზიანებდათ. ან როგორც ხშირად ამბობენ ევროპელებსა და ამერიკელებს შორის მზარდი განსხვავებები აჩვენებდა, რომ ამერიკელები მარსიდან არიან, ხოლო ევროპელები ვენერადან.

უკანასკნელი წლების განმავლობაში - მოკავშირეებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაცივდა. პრეზიდენტი ტრამპი, ალიანსის ევროპელ მოკავშირეებს ხშირად აკრიტიკებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის არგაღების გამო. ამ დროისთვის შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯები იმაზე მეტია, ვიდრე ალიანსის ყველა სხვა დანარჩენი მოკავშირის, ერთად აღებული.

თუ შეერთებულ შტატებს 80-იან წლებში ევროპაში 350,000 სამხედრო ჰყავდა განთავსებული, ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის თავზე ეს რიცხვი 34,000-ია. ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის შემცირების კვალდაკვალ, იზრდებოდა რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციები.

„თუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ათასობით სამხედროს ევროპიდან გაყვანას რუსეთი შეხედავს, როგორც კეთილგანწყობილ ნაბიჯს, ის სამწუხაროდ ცდება. ამას კრემლი აღიქვამს, როგორც სისუსტეს და ეს მხოლოდ დამატებით აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ მომსწრე ვართ იმის, რომ როცა პრეზიდენტმა ობამამ პოლონეთსა და ჩეხეთში სარაკეტო თავდაცვის ბაზები დახურა, მანაც გაიყვანა თითქმის იმავე რაოდენობის ჯარები ევროპიდან... რამდენიმე თვეში, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა. პუტინი ორ რამეს აღიარებს: ძალას და თანმიმდევრულობას“, - ამბობს ლუკ კოფი „ჰერიტიჯის ფონდიდან“.

თავდაპირველად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ევროპაში წარმომადგენლობა გაზარდა, და წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით - მნიშვნელოვნად მოუმატა „ევროპის დაცვის ინიციატივის“ დაფინანსებაც.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების ოფიციალური პოზიციით, ჯარების გაყვანის მიზეზი ისაა, რომ ნატოს დაფინანსების ზრდასთან ერთად - ადგილზე ამერიკული სამხედროების ყოფნის ნაკლები საჭიროება დგას. ისინი აცხადებენ, რომ ამ სამხედროების ნაწილი სხვა ქვეყნებში მათ შორის პოლონეთში, გადანაწილდებიან. თუმცა მეორე ვერსიით, გადაწყვეტილების მიზეზი - პრეზიდენტის დაპირისპირებაა გერმანიის კანცლერთან. ამას ოფიციალური პირები უარყოფენ. გერმანიის მხრიდან გადაწვეტილებას კრიტიკა და განაცხადი, მოჰყვა, რომ ამან შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

პრეზიდენტი ტრამპი ხშირად აკრიტიკებს გერმანიას იმის გამო, რომ ევროპის უმძლავრესი ეკონომიკა თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავს. ამასთან, პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ბერლინის მიერ რუსული მილსადენის „ნორდ სტრიმ 2“-ის მხარდაჭერა.

„გერმანიის და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ქვეყნის პირველი პირების დონეზე, რა თქმა უნდა კარგი არაა, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს... რა თქმა უნდა, ვაშინგტონში არსებობს შეშფოთება გერმანიის მიერ ნორდ-სტრიმ 2-ის მხარდაჭერის და [ბერლინის] მხრიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის თავდაცვაზე დახარჯვის სურვილის არქონის გამო. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბაზები ევროპაში ამერიკის ეროვნულ ინტერესშია. ამიტომ, საკუთარ თავს არ უნდა ვავნოთ. დიდი სურათი უნდა დავინახოთ“, - ამბობს კოფი.

რთული პარტნიორობა

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის ურთიერთობები თავდაცვის საკითხების გარშემო დაიძაბა. 1960-იან წლებში, მაშინ პრეზიდენტ შარლ დე გოლმა ვაშინგტონს მოთხოვა გაეყვანა საკუთარი სამხედროები საფრანგეთიდან. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ევროპაში ამერიკის დანაყოფების განლაგების ცვლილება. ამერიკის სამხედრო ძალების კონტიგენტი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, შემდეგ მოდის იტალია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.

ევროპაში, ამერიკის სამხედროების ნაწილი ნატოს მიღმა ოპერაციებში მონაწილეობს. გერმანია დღეს ევროპაში ამერიკის ოპერაციების მთავარი ცენტრია, სადაც სულ ცოტა ორი სარდლობა, საჰაერო ბაზები და სამედიცინო ცენტრები მდებარეობს.

ამერიკის ჯარის ნაწილის ევროპიდან გაყვანამ, შესაძლოა, ნატოს ერთიანობას ზიანი მიაყენოს. ამის თავიდან აცილებისთვის, ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია. ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ საკითხზე საუბრისას დიპლომატიური ტონი შეარჩია.

"ევროპელი მოკავშირეები და შეერთებული შტატები დღეს უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად ევროპაში, ვიდრე წინა წლებში. და ეს აჩვენებს, რომ ჩვენ რეალურად ვაძლიერებთ სამხედრო თანამშრომლობას ნატოს შიგნით ბოლო წლებია", - თქვა სტოლტენბერგმა, როცა მას ამერიკული ჯარის გაყვანაზე ჰკითხეს.

მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ სამხედროების გაყვანა რუსეთს მოქმედების მეტ საშუალებას მისცემს. ნატოსთვის, რუსეთთან ურთიერთობა, და მოსკოვიდან მომდინარე საფრთხე, 2014 წელს ყირიმის ანექსიის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, არ გადადგას ეს ნაბიჯი.

„ამერიკის სამხედროები ევროპაში - ევროპისთვის გაწეული სამსახური არაა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ამერიკამ აღმოაჩინა, რომ ჩვენი უსაფრთხოება ტრანს-ატლანტიკური ერთობის უსაფრთხოებას ეფუძნება. ამის მიხვედრას ორი ომი დასჭირდა“, - ამბობს დენილ ფრიდი, ამერიკის ყოფილი წამყვანი დიპლომატი და ახლა „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი. „ეს ისეთი ღრმა გაკვეთილი იყო, რომ 75 წლის მანძილზე გაგვყვა, 1945 წლის შემდეგ. თუმცა, როგორც ჩანს, ვივიწყებთ მას.“, - თქვა მან.

აშშ-ს გერმანიიდან ჯარები გაჰყავს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:58 0:00

ამერიკის ლიდერობით, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა მოახერხა ევროპის კონტინენტზე 70 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება. ამას დიდწილად ამერიკის სამხედრო ჩართულობას უკავშირებენ. თუმცა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს თავს დაესხა, როგორც თავად პრეზიდენტი ტრამპი, ისევე პრეზიდენტი მაკრონი. ტრამპმა ალიანსს „დრომოჭმული“, ხოლო მაკრონმა „ტვინმკდარი“ უწოდა.

„იმას, რომ ტრანსატლანტიკური სამყარო მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის განუყოფელი ზონა იქნება - მოცემულობად ვიღებთ და სათანადოდ არ ვაფასებთ. ამის მიღწევას ბევრი მცდელობა დასჭირდა. საქართველოც უკავშირდება ამ საკითხს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ახლა ამ უსაფრთხოებას გამოწვევის წინაშე აყენებენ ავტორიტარი მმართველები, მათ შორის ვლდიმირ პუტინი და ცოტა სხვა გზებით, მაგრამ ჩინეთიც“, - ამბობს ფრიდი.

და ხაზს უსვამს, რომ ევროპის უსაფრთხოების დაცვა ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია.

„ამიტომ, შეერთებულ შტატებს ღრმა, გრძელვადიანი ინტერესი აქვს ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ევროპაში ამერიკელი სამხედროების განთავსება ამის ნაწილია. უნდა გააკეთოს, თუ არა ევროპამ მეტი? კი, ნამდვილად. არის თუ არა ტრანს-ატლანტიკური ალიანსი ამერიკისთვის კარგი? დანამდვილებით არის“, - თქვა მან.

ევროპის პასუხი

„ვის დავურეკო თუ ევროპასთან მსურს საუბარი?“, - კისინჯერის ცნობილი ფრაზაა, რომელიც ევროპაში არსებული დიდხნიან უთანხმოებებზე მიუთითებს. ისტორიულად, ბევრ საკითხზე, ევროპელთა ერთიანობას სწორედ შეერთებული შტატები უზრუნველყოფდა. თუმცა საერთო თავდაცვაზე საუბარი, ბევრმა, ვაშინგტონში აღიქვა, როგორც ევროპელთა მცდელობა ამერიკის წინააღდეგ გაერთიანდნენ.

ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკის პასუხად, ევროპელებმა ევროკავშირის ეგიდით საერთო თავდაცვაზე დაიწყეს საუბარი. თუმცა ამ საკითხზე, რომელზეც ევროგაერთიანებაში უკვე ათწლეულებია საუბრობენ, ბერლინსა და პარიზში განსხვავებული შეხედულებები აქვთ.


დაპირისპირების ფონზე, საინტერესოა ასევე მოსახლეობის განწყობებიც. პიუს კვლევების ცენტრის მიხედვით ამერიკის მოსახლეობის 85 პროცენტი ფიქრობს, რომ ამერიკის ბაზები მნიშვნელოვანია, რასაც გერმანიის მოსახლეობის 45 პროცენტი არ ეთანხმება.

„თუ შეხედავ, რას ამბობენ გერმანიაში გამოკითხვები - განცვიფრდები, რადგან გერმანელებს გაორებული წარმოდგენები აქვთ შეერთებულ შტატებზე, და ჩინეთი და რუსეთი იზიდავთ, როგორც პოტენციური პარტნიორები. ეს ტრანს-ატლანტიკურ ალიანსში არსებულ პრობლემისკენ მიუთითებს. მე რომ ვიყო ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, იქნება ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო თუ უკრაინა, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების მიღმაა, ეს ძალიან შემაშფოთებდა“, - ამბობს ისტორიკოსი ნილ ფერგიუსონი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

ჯერ რთული სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები, ჯარები სახლში დაბრუნდებიან თუ პოლონეთში გადაინაცვლებენ. თუმცა, შესაძლოა შესაძლოა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაცივების პარალელურად, და რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი საფრთხის ზრდასთან ერთად, ვაშინგტონისთვის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, შესაძლოა მეტი მნიშვნელობა შეიძინოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG