კოვიდ-19-ის პანდემიასთთან ბრძოლის კვალდაკვალ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტრატეგია შეცვალა და თუ თავიდან უარს აცხადებდა, ახლა უკვე ატარებს პირბადეს.
თუმცა, პრეზიდენტმა კვირის დასაწყისში განაგრძო კორონავირუსთან დაკავშირებული სადაო ინფორმაციის გავრცელება და ექიმ ენტონი ფაუჩის სანდოობა, კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
პრეზიდენტი დიდი ხანია რაც ამტკიცებს, რომ პრეპარატი „ჰიდროქსილოროქინი“ (იგივე „პლაქვენილი“), რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება, ეფექტურია კოვიდ-19-ის წინააღმდეგაც. თუმცა, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს პრეპარატი არ არის ეფექტური კოვიდ-19-თან საბრძოლველად. „ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ“ ის ცოტა ხნის წინ ამოიღო იმ მედიკამენტების სიიდან, რომლითაც კორონავირუსის მკურნალობაა ნებადართული.
ორშაბათს, ჩრდილოეთ კაროლინადან დაბრუნების შემდეგ, სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობენ, ტრამპმა განაგრძო „ჰიდროქსილოროქინის“ ადვოკატირება. თავის "ტვიტერ" გვერდზე ის იმ პოსტებს აზიარებს, სადაც ამ პრეპარატის დადებით თვისებებზე და ახალ კორონავირუსთან ბრძოლისას მისი გამოყენების დადებით მხარეებზეა საუბარი. ტრამპმა, ასევე გააზიარა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ექიმი საუბრობს იმაზე, თუ როგორ იყენებს ასობით პაციენტზე ამ პრეპარატს წარმატებით.
ამასთან, პრეზიდენტმა, ასევე, გააზიარა ერთ-ერთი პოდკასტი, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეჰყავს ენტონი ფაუჩის საზოგადოება შეცდომაში „პლაქვენილთან“ დაკავშირებით.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპი და მისი მოკავშირეები ფაუჩის აკრიტიკებენ.
შეკითხვაზე თუ როგორ აფასებს პრეზიდენტის ამ ნაბიჯს, ფაუჩიმ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
„მე არც "ტვიტებს" ვწერ და არც ვკითხულობ მათ, ასე რომ არ მინდა ამაზე საუბარი... მიუხედავად ყველაფრისა,მე ჩემი საქმის კეთებას გავაგრძელებ, ვინაიდან ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეპიდემიის, პანდემიის კრიზისის შუაგულში ვართ და ეს არის ის, რაც ჩემი საქმეა. ესაა რაც ვისწავლე ჩემ პროფესიულ ცხოვრებაში და ამის კეთებას გავაგრძელებ მომავალშიც“, - თქვა მან.
პრეზიდენტი, პანდემიის დასაწყისში, იქამდე სანამ პრეპარატის არაეფექტურობა დადგინდებოდა, პლაქვენილის არა მარტო სამკურნალო, არამედ პრევენციული მიზნით მიღებისკენაც მოუწოდებდა. „რა გაქვთ დასაკარგი?“, - აცხადებდა მაშინ ის. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავადაც ჩაიტარა ამ პრეპარატის 14-დღიანი კურსი.
ტრამპის მიერ "ტვიტერზე" გაზიარებული ვიდეო, სადაც „ჰიდროქსილოროქინთან“ დაკავშირებით დამაბნეველი ინფორმაციაა განხილული, სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა. სოციალურმა ქსელებმა, "ფეისბუქმა", "ტვიტერმა" და "იუთუბმა", პრეზიდენტის "ტვიტერზე" გაზიარებული ამ ვიდეოს წაშლა დაიწყეს, ვინაიდან ის წამლის მიღებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. მიუხედავად ამისა, ვიდეო სხვადასხვა ფორმით, მედია გამოცემებისა თუ ცნობილი სახეების პირად გვერდებზე მაინცაა ხელმისაწვდომი.
ვიდეოს ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც 17 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, "ფეისბუქმა" წაშალა.
სოციალური ქსელის მიერ ვიდეოს წაშლის მიზეზი "მის მიერ კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა", - ამბობს ენდი სტოუნი, ფეისბუქის წარმომადგენელი.
ვიდეოში ექიმი ჰიუსტონიდან, სტელა იმანუელი „ჰიდროქსილოროქინზე“ საუბრობს, როგორც კორონავირუსის განკურნების უტყუარ საშუალებაზე. ის ამტკიცებს, რომ მან ამ პრეპარატით 350 ადამიანს უკვე უმკურნალა.
„თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები, განკურნების საშუალება არსებობს“, - ამბობს იმანუელი ვიდეოში.
ის ერთ-ერთია იმ ექიმების ჯგუფში, ვინც საკუთარ თავს „ამერიკის წინა ხაზის ექიმებს“ უწოდებს და რომელმთაც ორშაბათს, ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან, თეთრ ხალათში ჩაცმულებმა ვირუსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. მათმა განცხადებებმა ფართო კრიტიკა დაიმსახურრა.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ხალხს არ მოსწონს თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტი პანდემიას. შესაძლოა პრეზიდენტი სწორედ ამიტომ ცვლის სტრატეგიას. მას საჯაროდ პირბადე უკვე ორჯერ ეკეთა და მოსახლეობასაც მოუწოდა ატაროს ის. პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ფონად არიზონაში, კალიფრონიაში, ტეხასსა და სამხრეთის სხვა შტატებში სიტუაცია გამწვავება გასდევს.
ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით, 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვალილთა მაჩვენებელი 150,000-ს უტოლდება.
Facebook Forum