ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსახლეობის 46% თქმით, არ აიცრებოდა კოვიდ-19-ის ვაქცინა რომ არსებობდეს


ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მიუხედავად ანტი-დასავლური და პრო-რუსული დეზინფორმაციული კამპანიებისა, მოსახლეობის უმეტესობა ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩება. საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირსა (76%) და ნატო-ში გაწევრიანებას (69%).

საქართველოში, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი - NDI”, ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ დეზინფორმაციის კამპანიები წარუმატებელია ასევე ლუგარის ლაბორატორიის შემთხვევაში. ლაბორატორიის როლს, ახალ კორონავირურსთან ბრძოლაში კრიტიკულად მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს.

„მოქალაქეების 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა. ლაბორატორიას, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვნად მოსახლეობის 98% მიიჩნევს“, - ამბობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.

ვის მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა მოსახლეობა

გამოკითხულთა 90% ნაწილობრივ ან სრულად ენდობა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ გავრცელებულს კი 85% მიიჩნევს სარწმუნოდ, ხოლო მედიის მიერ გავრცელებულს - 73%.

გამოკითხული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო კვლავ ტელევიზიაა - 84% მას ინფორმაციის პირველ 3 წყაროს შორის ასახელებს. 41%-ისთვის ეს სოციალური ქსელებია. 26 %-ისთვის კი ახლობლები, მეზობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები და თანამშრომლები.

დეზინფორმაციაა თუ არა?

კითხვაზე თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ „ფეისბუქზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61%, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს, ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37% - საკუთარ ინსტინქტებს ენდობა.

გამოკითხულთა 33% წუხს, რომ კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან სიმართლის და ტყუილის დადგენა ძნელია. 60%-ს ეს მარტივად მიაჩნია.

რაც შეეხება იმის დადგენას, რომ ცნობები ყალბი, ან მცდარია, მოსახლეობა გადაწყვეტილებას შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით იღებს: 37% - თუკი ინფორმაცია საეჭვოდ ან არარეალისტურად ჟღერს; 32% - თუ ის არასანდო მედია წყარომ და 29% თუ ის უცნობმა წყარომ გაავრცელა. 14%-ს კი არასწორად ის ცნობები მიაჩნია, რომელიც მის შეხედულებებს არ ემთხვევა.

გამოკითხულთა 35% არ ფიქრობს, რომ „რომელიმე უცხო ქვეყანა შეგნებულად ავრცელებს საქართველოში ცრუ ინფორმაციას/დეზინფორმაციას კორონავირუსის შესახებ“, ხოლო 29% ეთანხმება ამ მოსაზრებას. მათგან, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს, 33% ამბობს, რომ ეს ქვეყანა რუსეთია, 27% - სომხეთს ასახელებს, 11% კი - ჩინეთს და 6% - აშშ-ს.

დამოკიდებულება გარე აქტორების მიმართ

მოსახლეობის მცირე ნაწილი, 10% მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა თავისი წევრი ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიატოვა. ასევე 10%-ია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 5G ტექნოლოგიებს კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

რაც შეეხება საგარეო დახმარებას, კითხვაზე, დაეხმარნენ თუ არა საქართველოს ესა თუ ის ქვეყნები, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოს შეერთბული შტატები დაეხმარა, 45% თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნები, 32% მიიჩნევს, რომ ჩინეთი და 3% ამბობს, რომ საქართველოს რუსეთი დაეხმარა.

გამოკითხულთა 19% ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ დადებითისკენ შეცვალა დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. მოსახლეობის 59 % თვლიოს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით. რუსეთთან დაახლოოების სარგებელზე კი მსგავსი აზრი მოსახლეობის მხოლოდ 11%-ს აქვს.

კოვიდ-19-თან ბრძოლა

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა. გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან“.

მოსახლეობის 80% კვლავ შიშობს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა.

გამოკითხულთა 30%-ს მიაჩნია, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა. 19% კი ამბობს, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად თუ მის სამკურნალოდ ხალხური მედიცინის ამა თუ იმ საშუალებისთვის მიუმართავს.

საზოგადოების განწყობის კვლევისთვის გამოკითხვები საქართველოში NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. 2020 წლის ივნისში კვლევაში მონაწილეობდნენ რესპონდენტები სატელეფონო ნომრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოდან, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფებიც. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2 $-ია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG